ადრე, თუ გვიან ყველანი გარდავიცვლებით, მაშ რომელი სიკვდილისგან გამოხსნაზეა საუბარი? – მეუფე შიო

”ადრე, თუ გვიან ყველანი გარდავიცვლებით, მაშ რომელი სიკვდილისგან გამოხსნაზეა საუბარი?”  – ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიო (მუჯირმა) მარიამობის დღესასწაულზე ქადაგებისას განაცხადა.

„დღევანდელი დღის ტროპარი ასე მთავრდება, რომ „მიხვედ ცხოვრებად დედა ეგე, ცხოვრებისა და იხსნი სიკვდილისაგან სულთა ჩვენთა“. ანუ ის არ არის მარტო ჩვენი დედა, ჩვენი მფარველი და მეოხი, ნუგეშისმცემელი, არამედ იგი იხსნის ჩვენ სულებს სიკვდილისაგან. აი, ამას გვასწავლის დღევანდელი დღესასწაული და ჩვენი წმინდა ეკლესია. ჩვენ, ყველანი მოკვდავნი ვართ. ადრე, თუ გვიან ვიცით, რომ ყველანი გარდავიცვლებით. მაშ რომელი სიკვდილისგან გამოხსნაზეა საუბარი? იმიტომ, რომ სიკვდილი არსებობს სხვადასხვაგვარი, არსებობს ხორციელი სიკვდილი, არსებობს მარადიული სიკვდილი და ჩვენ, ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს ვევედრებით, რომ გვიხსნას. ჩვენ ვიცით, რომ იგი გვიხსნის მარადიული სიკვდილისგან და გვაცხოვნებს ჩვენ. სხვა წმინდანებს ჩვენ ვევედრებით და ასე ვლოცულობთ მათ მიმართ, რომ „ევდრეთ ღმერთსა ჩვენთვის“ და მხოლოდ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს ჩვენ ვეუბნებით და ვევედრებით, რომ „გვაცხოვნე ჩვენ“ იმიტომ, რომ მას აქვს ეს მადლი, ძალა და კადნიერება ღვთის წინაშე. რას ნიშნავს ეს, „გვაცხოვნე ჩვენ“, როგორ გვაცხოვნებს ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი, აი, როგორც ჩვენ მიცვალებულებისთვის როდესაც ვლოცულობთ, რომ „დაამკვიდრე უფალო ისენი, აცხოვნე ისენი, დაამკვიდრე ადგილსა ნათლისასა, ადგილსა განსასვენებელსა“, ჩვენ ვამბობთ, რომ ჩვენი მიცვალებულები დამკვიდრენენ ადგილსა ნათლისასა, ეს ნიშნავს, რომ იმ ადგილას არის ნათელი ქრისტესი”, – განაცხადა მეუფე შიომ.