აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი და თავმჯდომარე, სენატორები ჯიმ რიში და ბენ კარდინი, ასევე კომიტეტის ევროპისა და რეგიონული უსაფრთხოების თანამშრომლობის ქვეკომიტეტის თავმჯდომარე და წევრი ჯინ შაჰინი და პიტ რიკეტსი ანტიკორუფციული ბიუროს მიერ, ორგანიზაცია საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს გაცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტებად დასახელებას გამოეხმაურნენ.
“შეშფოთებულები ვართ საქართველოს ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილებით, საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოსა და ორგანიზაცია აირჩიე ევროპისთვის “გაცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტების” იარლიყის მიკერებით. ეს არასამთავრობო ორგანიზაციები აქტიურად ამზადებენ წინასაარჩევნოდ მონიტორინგის მისიებს, თუმცა არ მონაწილეობენ არჩევნებში. ისინი მხარს უჭერენ დემოკრატიას მიუხედავად იმისა, თუ ვის აძლევს ხალხი ხმას.
არაკეთილსინდისიერია, რომ საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს დირექტორს ეკა გიგაურს სჯიან მისი ბოლოდროინდელი ჩვენების გამო, რომელიც მან გააკეთა 12 სექტემბერს სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის მოსმენაზე, სახელწოდებით – “არასამთავრობო ორგანიზაციების საწინააღმდეგო კანონები და დემოკრატიის წინააღმდეგ მიმართული რეპრესიების სხვა ინსტრუმენტები”. გუშინდელი განცხადება მის შესახებ ადასტურებს, რომ ავტოკრატიული მთავრობები ბოროტად იყენებენ კანონებს, რათა დასაჯონ დამოუკიდებელი ხმები”, – ნათქვამია განცხადებაში.