აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო სომხეთს აფრთხილებს, რომ შეტევის შემთხვევაში სომხეთის ატომურ ელექტრო სადგურზე საპასუხო დარტყმას განახორციელებს. ამის შესახებ სააგენტო „რია ნოვოსტი“ იუწყება.
მანამდე, მედიასა და სოციალურ ქსელებში გავრცელდა ვარაუდი, რომ ერევანმა შესაძლოა, შეტევა განახორციელოს აზერბაიჯანში მდებარე მინგეჩევირის წყალსაცავზე.
ბაქოში განაცხადეს, რომ ფლობენ ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის თანამედროვე საშუალებებს და მოწინააღმდეგე ვერ შეძლებს რაკეტის გაშვებას მათი სტრატეგიული ობიექტის მიმართულებით.
„ამავდროულად, სომხურმა მხარემ არ უნდა დაივიწყოს, რომ უახლეს სისტემებს, რომელიც ჩვენი არმიის შეიარაღებაშია, მაღალი სიზუსტით შეუძლია მეცამორის ატომურ ელექტროსადგურზე დარტყმის მიყენება, რაც სომხეთისთვის უდიდესი ტრაგედია იქნება“, – განაცხადა აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ხელმძღვანელმა პოლკოვნიკმა ვაგიფ დარგიახლიმ.
მხარეები ერთმანეთს მეხუთე დღეა ცეცხლის გახსნასა და პროვოკაციებში ადანაშაულებენ. თოვუზის პროვინციაში სისხლისღვრას, გავრცელებული ინფორმაციით, მსხვერპლი ორივე მხარეს მოჰყვა. მოკლულია აზერბაიჯანის 11, სომხეთის კი ოთხი სამხედრო პირი.
ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც მუდმივად დაპირისპირებული ორი მეზობელი ქვეყანა ერთმანეთს არა მთიან ყარაბაღში, არამედ 300-მდე კილომეტრის დაშორებით თოვუზის პროვინციაში დაუპირისპირდა. გავრცელებული ინფორმაციით, შეიარაღებულ დაპირისპირებაში ჩართულია სპეციალური ჯავშანტექნიკა, საარტილერიო ქვემეხები და ნაღმმტყორცნები.
დაპირისპირებას მოყოლილი მსხვერპლის შემდეგ, ბაქოში მასობრივი დემონსტრაციები დაიწყო. ათასობით დემონსტრანტი ხელისუფლებას ომის დაწყებისკენ მოუწოდებდა. კონფლიქტი რეგიონისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვან ადგილას მიმდინარეობს. იქ, სადაც მეზობელი ქვეყნები ერთმანეთს ესვრიან, ბაქო-ჯეიჰანისა და ბაქო-ერზრუმის მილსადენები გადის.
ორ მეზობელ ქვეყანას საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, კონფლიქტი აზერბაიჯანის დე იურე ტერიტორიის, დიდწილად ეთნიკური სომხებით დასახლებული მთიანი ყარაბაღის რეგიონის გამო აქვთ. ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას მხარეებმა ხელი 1994 წელს მოაწერეს, თუმცა შეთანხმება ორივე მხარემ არაერთხელ დაარღვია.