ალბათ გაფართოების მიმართულებით საქართველოს ფაილი დაიხურება – ფიშერი

“დიდი ალბათობით, გაფართოების მიმართულებით საქართველოს ფაილი დაიხურება” – ამის შესახებ გერმანიის ელჩმა საქართველოში პეტერ ფიშერმა „რადიო თავისუფლებისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

„თუ თქვენ ქართველი ხართ და თქვენი მისწრაფება ევროკავშირში გაწევრიანებაა, ეს ანგარიში კატასტროფაა. მე ბევრჯერ საჯაროდ მითქვამს, ევროკავშირი იმართება წერილობით. მოვუწოდებ ადამიანებს, წაიკითხონ ეს ანგარიში.

გერმანია ეთანხმება ამ ანგარიშს, ჩვენ მხარს ვუჭერთ ანგარიშს. საქართველომ გადაუხვია ევროკავშირში გაწევრიანების გზიდან. ეს არ არის ჩვენი პასუხისმგებლობა, ეს საქართველოს პასუხისმგებლობაა. თუმცა, ვფიქრობ, ეს უნდა იყოს გამოსაფხიზლებელი სიგნალი საქართველოს მოქალაქეებისთვის თუ რა მოხდა იმ ერთ წელიწადში.

თუკი ვამბობ, რომ გერმანია მხარს უჭერს და ეთანხმება ანგარიშს, ეს ნიშნავს, რომ ჩვენთვის ეს საკითხი (ფაილი) დახურულია. არა იმიტომ, რომ საქართველო არ გვინდა. ჩვენ გვინდა საქართველო; ჩვენ შევთავაზეთ საქართველოს და მივანიჭეთ კანდიდატის სტატუსი ნდობის საფუძველზე, მაგრამ არსებულ პირობებში, არსებული კურსით, გერმანია გაფართოებაზე აღარ მუშაობს. სინამდვილეში, ევროკავშირში ამაზე აღარავინ მუშაობს. დიდი ალბათობით, დეკემბერში ევროპული საბჭო, როდესაც ჩვენი სახელმწიფოების მეთაურები შეიკრიბებიან, ისინი ამას დაადასტურებენ. ფაილი დაიხურება ქართული მხარის ქმედებების გამო, არ მგონია ამ ქმედებების თავიდან ჩამოთვლა მჭირდებოდეს, თუმცა შეხსენებისთვის: ამ ქვეყანაში განადგურდა არასამთავრობო ორგანიზაციები, დემონსტრანტების უფლებები ირღვევა, პოლიტიკური პარტიები ნადგურდება, ზოგიერთი ციხეში ჩასვეს, გეგმაშია კანონი იმ პირთა პოლიტიკურ აქტივობაზე, რომლებიც ოდესმე ასოცირდებოდნენ აკრძალულ პოლიტიკურ პარტიასთან და ცალკეული პოლიტიკური პარტიების აკრძალვის შესახებ კანონი პროგრამაშია და ველი, რომ ეს მოხდება. დიდი ზეწოლის ქვეშაა თავისუფალი მედია. თუკი ევროკავშირში გაწევრიანება გინდა, უნდა გადმოიტანო ევროპული კანონები შენს კანონებში. ჩვენი კანონმდებლობის უმნიშვნელოვანესი ნაწილები ეხება ჩვენი სახელმწიფოების მოწყობის წესს, ეხება იმას, რომ ევროკავშირი არის დემოკრატიული სახელმწიფოების კავშირი, სადაც ადამიანებს აქვთ სამოქალაქო თავისუფლებები, მოქალაქეებს აქვთ თავისუფლებები. ეს არის საფუძველი და უმნიშვნელოვანესი რამ თუკი ევროკავშირში გაწევრიანება გინდა. თუკი ამის ჩვენება არ შეგიძლია, ვერ გაწევრიანდები და საქართველო წავიდა სხვა მიმართულებით. ეს ნამდვილად არის მწარე და სევდიანი სიმართლე. დავამატებ, ანგარიში ამბობს, რომ საქართველოს შემთხვევაში კანდიდატის სტატუსი რჩება როგორც თურქეთის შემთხვევაში. ის გადაიდო გვერდით, რადგან ევროკავშირი იმედიანი კავშირია. ჩვენ იდეალისტები ვართ, არასდროს ვკარგავთ იმედს, რომ იქნებ რაღაც ძირეული შეიცვალოს და თურქეთისა და საქართველოს მსგავსი ქვეყნები კიდევ ერთხელ შემობრუნდებიან ჩვენკენ და გააკეთებენ იმას, რაც აუცილებელია გაწევრიანებისთვის. მზად ვართ დავიწყოთ ახალი ფურცლიდან, მაგრამ ახლა ფაქტები სხვა რამეზე მეტყველებს. არავისზე ხორციელდება შანტაჟი ან ზეწოლა, რომ ევროკავშირში გაწევრიანდეს, არავის აძალებენ ევროკავშირში გაწევრიანებას, ევროკავშირში გასაწევრიანებლად ქვეყნებს იწვევენ. თუკი არ გსურს, ან ვერ ახერხებ, არც წევრიანდები“, – განაცხადა პეტერ ფიშერმა.