ალექსეი ნავალნის დედას მისი ცხედარი აჩვენეს. მისი თქმით, პოლიტიკოსის ფარულად დაკრძალვა სურთ

ალექსეი ნავალნის დედამ ჩაწერა ვიდეო მესიჯი, რომელშიც თქვა, რომ შვილის ცხედარი ნახა.

„ახლახან დავტოვე ქალაქ სალეხარდის საგამოძიებო კომიტეტის შენობა. თითქმის ერთი დღე გავატარე იქ მარტომ, გამომძიებლებთან და კრიმინალისტებთან ერთად. ადვოკატს მხოლოდ დღეს შუადღისას შემოუშვეს. წუხელ ფარულად წამიყვანეს მორგში, სადაც ალექსეი მაჩვენეს. გამომძიებლები აცხადებენ, რომ მათ იციან გარდაცვალების მიზეზი, მზად აქვთ ყველა სამედიცინო და იურიდიული დოკუმენტი, რაც მე ვნახე და ხელი მოვაწერე სამედიცინო ცნობას გარდაცვალების შესახებ. კანონის მიხედვით, ალექსის ცხედარი სასწრაფოდ უნდა მოეცათ ჩემთვის, მაგრამ ეს აქამდე არ გაუკეთებიათ“, – ამბობს ნავალნის დედა ვიდეოში.

მისი თქმით, „მას აშანტაჟებენ და პირობებს უყენებენ, სად, როდის და როგორ უნდა დაკრძალონ ალექსეი“.

„ჩემი თანდასწრებით იღებენ ბრძანებებს – ან კრემლიდან, ან საგამოძიებო კომიტეტის ცენტრალური აპარატიდან. მათ უნდათ, რომ ეს ფარულად, დამშვიდობების გარეშე მოხდეს. უნდათ, სასაფლაოს განაპირას, ახალ საფლავზე მიმიყვანონ და მითხრან – აქ წევს შენი შვილიო. მე არ ვარ ამაზე თანახმა,მე მინდა, რომ თქვენ, ვისთვისაც მისი სიკვდილი პირადი ტრაგედიაა, მოგეცეთ შესაძლებლობა, მას გამოეთხოვოთ, ”- თქვა მან.

ნავალნის დედის თქმით, მან ეს ვიდეო გადაიღო, რადგან „დაიწყეს მუქარა მისი მისამართით“. მას უთხრეს, რომ თუ ნავალნის ფარულ დაკრძალვაზე არ დათანხმდებოდა, „რაღაცას გაუკეთებენ მის ცხედარს“.

„გამომძიებელმა ვარაპაევმა ღიად მითხრა: დრო შენზე არ მუშაობს, გვამი იხრწნება“.– ამბობს ნავალნის დედა.

ნავალნის თანამებრძოლმა, ივან ჟდანოვმა ტელეგრამის არხით განაცხადა, რომ თავდაპირველად პოლიტიკოსის დედას უთხრეს, რომ მზად იყვნენ ცხედარი გადაეცათ, როგორც კი ოჯახი გადაწყვეტდა დაკრძალვის დროსა და ადგილს. 69 წლის ლუდმილა ნავალნაია თითქმის ერთი დღე იმყოფებოდა საგამოძიებო კომიტეტში, ადვოკატს დიდი ხნის განმავლობაში არ აძლევდნენ მის ნახვის უფლებას, შემდეგ დაიწყო შანტაჟი, წერს ჟდანოვი.

რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი 16 თებერვალს, სასჯელაღსრულების კოლონიაში გარდაიცვალა. 20 თებერვალს, ლუდმილა ნავალნაიამ ჩაწერა ვიდეო მიმართვა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინისადმი, რომელშიც ითხოვდა შვილის ცხედრის დაბრუნებას.

მას შემდეგ, რაც ნავალნის გარდაცვალების მიზეზი დადგინდება, მისი ცხედარი ოჯახს ორი დღის განმავლობაში უნდა დაუბრუნდეს, წერს გამოცემა „მედუზა“ „დაკრძალვისა და დასაფლავების შესახებ“ ფედერალურ კანონზე დაყრდნობით.