კრიმინალური პოლიციის, სამეგრელო-ზემო სვანეთის და აჭარის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, ნარკოდანაშაულის ბრალდებით, ჩინეთის და გერმანიის 2 მოქალაქე, ასევე, რუსეთისა და უკრაინის ორმაგი მოქალაქეობის მქონე 2 პირი დააკავეს. ინფორმაციას, შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
“საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები ნარკოდანაშაულებრივ სქემაში იყვნენ ჩართული. მათ შორის ერთ-ერთი, 1995 წელს დაბადებული პ.კ. საქართველოში ევროპის ერთ-ერთი ქვეყნიდან, თბილისის აეროპორტის გავლით შემოვიდა. ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, აეროპორტში მისი პირადი ჩხრეკა განხორციელდა.
სამართალდამცველების მიერ, ბრალდებულების პირადი, საცხოვრებელი სახლების და მათი მართვის ქვეშ არსებული ავტომობილების ჩხრეკისას ნივთმტკიცების სახით, ამოღებულია სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება, მათ შორის “კოკაინი”, “მდმა”, “მეტამფეტამინი”, “მეთადონი” და ფსიქოტროპული საშუალება კეტამინის შემცველი ნივთიერებები.
ნივთმტკიცებად, ასევე, ამოღებულია თანხა, ნარკოტიკული საშუალების დაფასოებისთვის საჭირო მასალები და ელექტრო სასწორები”. – ნათქვამია უწყების განცხადებაში.
გამოძიება დაწყებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 261-ე და 262-ე მუხლებით. აღნიშნული დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს