”ამ რეჟიმმა და ვლადიმირ პუტინმა პირადად უნდა აგონ პასუხი ყველა საშინელებისთვის! ” – გარდაცვლილი რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის მეუღლემ, იულია ნავალნაიამ პირველი კომენტარი, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე გააკეთა.
”მადლობა სცენის დათმობისთვის. ალბათ ყველამ ვნახეთ დღევანდელი საშინელი სიახლე. ვფიქრობდი, აქ გამოვსულიყავი თუ შვილებთან გავფრენილიყავი, მაგრამ შემდეგ თავს ვკითხე, რას იზამდა ალექსეი ნავალნი ჩემს ადგილზე? და მე დარწმუნებული ვარ, რომ ის ამ სცენაზე იქნებოდა.
არ ვიცი, დავუჯეროთ თუ არა იმ საშინელი სიახლეებს, რომლებსაც მხოლოდ რუსეთის სამთავრობო წყაროებისგან ვიღებთ, რადგან მრავალი წლის განმავლობაში, კარგად მოგეხსენებათ, შეუძლებელია ვენდოთ პუტინს, პუტინის ხელისუფლებას, ისინი მუდამ იტყუებიან. მაგრამ თუ ეს სიმართლეა, მსურს პუტინმა, მისმა გარემოცვამ, პუტინის მეგობრებმა, მისმა ხელისუფლებამ იცოდეს, რომ ისინი პასუხს აგებენ იმისთვის, რაც გაუკეთეს ჩვენს ქვეყანას, ჩემს ოჯახსა და ჩემს ქმარს. და ეს დღე ძალიან მალე დადგება.
მსურს მოვუწოდო მთელ მსოფლიო საზოგადოებას, ყველას, ვინც ამ დარბაზში იმყოფება, ხალხს მთელ მსოფლიოში, რომ უნდა გავერთიანდეთ, რათა დავამარცხოთ ეს ბოროტება, დავამარცხოთ ეს საშინელი რეჟიმი, რომელიც რუსეთშია. ამ რეჟიმმა და ვლადიმირ პუტინმა პირადად უნდა აგონ პასუხი ყველა საშინელებისთვის, რასაც ჩემს ქვეყანას, ჩვენს ქვეყანას – რუსეთს უკეთებენ ბოლო წლებში. დიდი მადლობა”. – განაცხადა იულიამ.
ცნობისთვის, დღეს 16 თებერვალს, რუსეთის აღსრულების ფედერალური სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ალექსეი ნავალნი საპატიმროში გარდაიცვალა.
“16.02.2024 წელს N3 გამოსასწორებელ კოლონიაში პატიმარმა ნავალნი ა.ა.-მ გასეირნების შემდეგ თავი შეუძლოდ იგრძნო, ფაქტობრივად, პირდაპირ დაკარგა გონება”. – ნათქვამია რუსეთის აღსრულების ფედერალური სამსახურის განცხადებაში
კრემლის პრესსპიკერი დმიტრი პესკოვი აცხადებს, რომ ნავალნის სიკვდილის შესახებ, უკვე აცნობეს პრეზიდენტ, ვლადიმერ პუტინს. “რამდენადაც ვიცი ფედერალური პენიტენციური სამსახური ყველა მოქმედი წესის დაცვით არკვევს მომხდარის დეტალებს. საქმე არ საჭიროებს განსაკუთრებულ მითითებებს, ვინაიდან ასეთი შემთხვევებისთვის არსებობს განსაზღვრული წესები. არ ვიცი სიკვდილის მიზეზი, მედიკოსებმა უნდა დაადგინონ”. – ამბობს პესკოვი.
ალექსეი ნავალნი 2021 წლის იანვარში დააკავეს. ნავალნი ბოლოს მკაცრი რეჟიმის კოლონიაში, იამალ-ნენთა ავტონომიურ ოლქში იხდიდა სასჯელს. სოფელი ხარპი, სადაც კოლონიაა განთავსებული, ციმბირის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარეობს.