“მინდა, გამოვეხმაურო უპრეცედენტო უსამართლობის საქმეს, რომელსაც ქართული ოცნების სასამართლო აწარმოებს საქართველოს იმ 2 მოქალაქის წინააღმდეგ, ვინც ათასობით სხვა თანამოქალაქესთან ერთად, რუსული კანონისა და ხელისუფლების რუსული პოლიტიკისგან საქართველოს ევროპულ მომავალს იცავდა. მთავრობა ამ ადამიანებს უპირებს, რომ როგორც პროკურატურა ამბობს, (ჯერ დამტკიცებული არ არის) 400-ლარიანი დროებითი, რკინის კონსტრუქციის დაზიანების გამო, მრავალი წლით ციხეში გაუშვას. ჩემთვის აბსოლუტურად წარმოუდგენელია, რომ მაშინ, როცა ამ ახალგაზრდებისთვის ბრალი არც კი დაუმტკიცებიათ, რამდენიმე თვეა, ისინი საპატიმრო დაწესებულებაში არიან.
დღეს, მე, დეპუტატი ანა ნაცვლიშვილი ვაცხადებ, რომ მზად ვარ, პირადი თავდები ვიყო იმის, რომ ეს ახალგაზრდები გამოძიებას არ დაემალებიან, სასამართლოსთან ითანამშრომლებენ, მაგრამ ისინი ხელისუფლების მიერ საპატიმროში გამომწყვდეულები ნუ არიან. სასამართლო სხდომები უნდა გაგრძელდეს და სამართლიანობამ უნდა იზეიმოს, მაგრამ იქამდე, სანამ ამ ადამიანებთან დაკავშირებით განაჩენი არ გამოუტანიათ, მათი ციხეში ყოფნა დაუსაბუთებელია. მზად ვარ, ამ ადამიანების გათავისუფლებას პირადად თავდებში ჩავუდგე”
აცხადებს ამის შესახებ, პარტია ლელოს ერთ-ერთი ლიდერი, ანა ნაცვლიშვილი.
გუშინ, დაკავებული 2 მოქალაქე, ომარ ოკრიბელაშვილი და საბა მეფარიშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ნათია გუდაძემ კვლავ პატიმრობაში დატოვა.
ომარ ორკიბელაშვილსა და საბა მეფარიშვილის „აგენტების კანონის“ წინააღმდეგ პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე, 14 მაისს რკინის ჯებირის ჯგუფურად დაზიანებას ედავებიან. ჯებირის მეპატრონე შინაგან საქმეთა სამინისტროა, ზიანი, რომელიც უწყებას მიადგა, ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, 400 ლარია.