“ანრიმ თუ მოგვიწოდა, შევვარდებით თავით”,- ასე ეხმიანება გირჩის ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე ანრი ოხანაშვილის მოწოდებას, რომ ოპოზიცია პარლამენტში შევიდეს.
მისი თქმით, ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკებები ისევ ჩიხშია და არაფერი შეცვლილა.
„ამ წუთის მდგომარეობით, პოლიტპატიმრებთან მიმართებაში ჯერჯერობით ჩიხია, ისევე როგორც ჩიხია ვადამდელ არჩევნებთან და პლებისციტთან მიმართებაში და არანაირი ალტერნატიული ვერსია არ დევს. ერთადერთი პუნქტი, რომელზეც „ოცნება“ მოდიოდა ბოლო მოლაპარაკების მაგიდაზე, იყო საარჩევნო პროცედურები, საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების წესის და ეგეთი რაღაცების ცვლილება. საარჩევნო სისტემასთან მიმართებითაც კი, რაც ოპოზიციის ერთიანი შეჯერებული პოზიცია იყო, იმაზეც არ მოდიოდნენ. ამიტომ ჩემთვის არაფერი შეცვლილა, არც ჩემთვის და არც არავისთვის“,- განაცხადა ჯაფარიძემ პალიტრანიუსთან საუბრისას.
მან ამნისტიის შესახებ კანონის ინიცირების საკითხიც შეაფასა და თქვა, რომ ცუდი არ არის, რადგან უამრავი უდანაშაულო ადამიანი ზის ციხეში.
„ამინისტიის განხორციელება ზოგადად ცუდი ამბავი არ არის. ციხეში ზის უამრავი ადამიანი, რომელსაც დანაშაული არ ჩაუდენია და სამყაროში არ არსებობს ადამიანი, რომელსაც მან რამე დაუშავა. მაგალითად, ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით პატიმრების ერთი მესამედი ზის, რომელსაც არავისთვის არაფერი დაუშავებია და უბრალოდ არიან ციხეში გამოკეტილები და ყველა გამოსაშვებია. მაგ მუხლებს თუ შეეხება ამნისტია და ეს ხალხი გარეთ გამოვა, მხოლოდ და მხოლოდ მივესალმები. ბოდიშსაც თუ მოუხდიან კიდევ უფრო კარგი იქნება“, – თქვა ზურაბ ჯაფარიძემ.