“არა მხოლოდ ხერსონში“– ზელენსკიმ მიანიშნა, რომ უკრაინამ კონტრშეტევა სხვადასხვა მიმართულებით დაიწყო

უკრაინის პრეზიდენტმა, ვლადიმირ ზელენსკიმ მიანიშნა, რომ უკრაინის არმიამ კონტრშეტევა რამდენიმე მიმართულებით დაიწყო. ამავე დროს, ის ჯერჯერობით თავს იკავებს ოპერაციების დეტალების კომენტირებისგან, რათა რუსებს “სიურპრიზები“ დახვდეთ.

ამის შესახებ ზელენსკიმ ტელეარხ ABC–სთან ინტერვიუში ისაუბრა.

ჟურნალისტი დაინტერესდა, რატომ გადაწყვიტეს უკრაინელმა სამხედროებმა ხერსონის ოლქში კონტრშეტევა ახლა.

“არ ვიტყოდი, რომ ეს არის მხოლოდ კონტრშეტევა ხერსონში… არის მიმართულება, ან მიმართულებები – მრავლობით რიცხვში – და ჩვენ წინ უნდა წავიდეთ“–თქვა უკრაინის პრეზიდენტმა.

ამასთან, მან უარი თქვა დაკონკრეტებაზე, კიდევ რომელ მიმართულებაზე აწარმოებს უკრაინის შეიარაღებული ძალები კონტრშეტევით ოპერაციებს. პრეზიდენტის თქმით, მას არ შეუძლია განიხილოს საჯაროდ სამხედრო მოქმედებების დეტალები, რათა რუსებს რამდენიმე სიურპრიზი შემოუნახონ.