არჩევნების შედეგების შემსწავლელ საგამოძიებო კომისიას უფლებამოსლების 3-თვიანი ვადა, 17 მაისს ეწურება.
17 მაისს უფლებამოსილების 3-თვიანი ვადა 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგების შემსწავლელ პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიას ეწურება, რომელსაც მუშაობა ამ დრომდე არ დაუწყია. პარლამენტმა 31 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ დადგენილება 17 თებერვლის პლენარულ სხდომაზე მიიღო და კომისიის უფლებამოსილების ვადად 3-თვე განსაზღვრა. აღსანიშნავია, რომ არ შემდგარა პირველი საორგანიზაციო სხდომაც კი, რომელიც პარლამენტის რეგლამენტის მიხედვით, დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრების წარდგენიდან არაუგვიანეს 3-დღისა იმართება. შესაბამისად, კომისიას არ ჰყავს თავმჯდომარე, მდივანი და არა აქვს დებულება.
საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო – სახალხო განხილვის კომისია პარლამენტის დადგენილებით 1-ელ აპრილს შეიქმნა. რეგლამენტის მოთხოვნის გათვალისწინებით, აღნიშნული კომისია კონსტიტუციური კანონის პროექტის განხილვის დაწყებიდან ერთი თვის განმავლობაში განიხილავს პროექტთან დაკავშირებულ მასალებს და განხილვის დაწყებიდან ერთი თვის შემდეგ შემაჯამებელ ოქმს ადგენს, თუმცა ერთი თვე ისე გავიდა, რომ საკონსტიტუციო კომისიას არც პირველი საორგანიზაციო შეკრება გაუმართავს და არც შეხვედრების გრაფიკი გამოუქვეყნებია.
საპარლამენტო კომისიების მუშაობის ჩავარდნას მმართველ გუნდში იმ მიზეზით ხსნიან, რომ პარლამენტში ოპოზიციის შესვლასა და მუშაობის მათთან ერთად დაწყებას ელიან.