ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) სადამკვირვებლო მისია 26 ოქტომბერს საქართველოში ჩატარებულ არჩევნებს აფასებს და ხაზგასმით აღნიშნავს, რომ საარჩევნო ხარვეზები არჩევნების შედეგებისა და სამართლიანობისადმი ნდობას ძირს უთხრის.დელეგაციის ხელმძღვანელმა, იულიან ბულაიმ განაცხადა, რომ ”საარჩევნო უბნებში მმართველი პარტიის კამერები იყო და საარჩევნო უბნების გარეთ იყო ხალხი, რომელიც აღრიცხავდა და, შესაძლოა, აკონტროლებდა ამომრჩევლებს, შექმნა ფართოდ გავრცელებული ზეწოლის ატმოსფერო, მმართველის პარტიის მიერ ორგანიზებული დაშინება და განცდა, რომ “დიდი ძმა გიყურებს”,
მან ასევე განაცხადა, რომ ერთ-ერთ სოფელში საარჩევნო უბნის დამკვირვებლობისას PACE-ის ჯგუფის ერთ-ერთ მანქანას ვანდალურად დაესხნენ თავს.
”ერთი თვის წინ მე საქართველოში მრავალპარტიულ წინასაარჩევნო დელეგაციას ვხელმძღვანელობდი. იმ დროს დავასკვენით, რომ პოლიტიკურმა ლანდშაფტმა უპრეცედენტო დონეს მიაღწია და მომავალი არჩევნები საქართველოს დემოკრატიული ტრაექტორიისა და საგარეო კურსზე ფაქტობრივ რეფერენდუმად გადააქცია. ეს შთაბეჭდილება ჩვენი საარჩევნო მისიის განმავლობაში დადასტურდა. მომეცით საშუალება, საკვანძო საკითხები და საარჩევნო პირობების შესახებ შეშფოთებები აღვნიშნო, რომლებსაც ჩვენმა დამკვირვებლებმა ხაზი გაუსვეს:
არჩევნების ხარისხი იმ ტენდენციებს ასახავს, რომლებიც ჩვენ წინასაარჩევნო პერიოდში აღვნიშნეთ, მათ შორის, ეჭვებს სახელმწიფო ინსტიტუტების მიუკერძოებლობის შესახებ. შეშფოთებულები ვიყავით სამოქალაქო საზოგადოებისა და უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კონტროვერსიული კანონით გამოწვეული საპირისპირო აზრების წინააღმდეგ სიძულვილის ენის გამოყენებით.
დაკვირვების განმავლობაში ჩვენ აღვრიცხეთ არჩევნებამდე და არჩევნების შემდეგ ხმების მოსყიდვისა და ორჯერ ხმის მიცემის შემთხვევები, განსაკუთრებით კი სოფლებში.
ორი განსხვავებული სამყარო ვნახეთ: ერთი საარჩევნო უბნებში, სადაც ხმის მიცემის პროცესი ზოგადად კარგად იყო ადმინისტრირებული და მეორე საარჩევნო უბნების გარეთ.
იმ ფაქტმა, რომ საარჩევნო უბნებში მმართველი პარტიის კამერები იყო და საარჩევნო უბნების გარეთ იყო ხალხი, რომელიც აღრიცხავდა და, შესაძლოა, აკონტროლებდა ამომრჩევლებს, შექმნა ფართოდ გავრცელებული ზეწოლის ატმოსფერო, მმართველის პარტიის მიერ ორგანიზებული დაშინება და განცდა, რომ “დიდი ძმა გიყურებს”, როგორც ჩვენმა ერთ-ერთმა დამკვირვებელმა აღწერა.
არათანაბარი საასპარეზო სივრცე და ხარვეზები, რომლებიც საარჩევნო პროცესში იყო შენიშნული, ძირს უთხრის მისი სამართლიანობისა და შედეგის მიმართ ნდობას. ხაზს ვუსვამ, მის სამართლიანობასა და შედეგს.
ეს ხსნის რეაცქიებს არჩევნების შედეგებზე.
ასევე უნდა აღვნიშნო, რომ ერთ-ერთ სოფელში საარჩევნო უბნის დამკვირვებლობისას PACE-ის ჯგუფის ერთ-ერთ მანქანას ვანდალურად დაესხნენ თავს.
ახლა, საჭიროა, რომ ეს პრობლემები ხელისუფლებამ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის პროცედურის ჩარჩოს ფარგლებში მოაგვაროს” – განაცხადა იულიან ბულაიმ.