კომპანია “IDS ბორჯომი საქართველო” განცხადებას ავრცელებს რითიც ეხმაურება გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვით, კომპანია გაფიცული თანამშრომლების ჩანაცვლებას რუსეთიდან ჩამოყვანილი მუშებით გეგმავს.
“როგორც უკვე განვაცხადეთ, ამ ეტაპზე, ბორჯომის ჩამომსხმელი N1 და N2 ქარხნები მუშაობს მინიმალური დატვირთვით, მხოლოდ საქართველოს ბაზრისთვის. მოგეხსენებათ, საექსპორტო ბაზრების უმეტეს ნაწილთან დაკავშირებით (80%) ვითარება გაურკვეველია. ხაზგასმით გვინდა აღვნიშნოთ, კომპანიას არცერთი ახალი კადრი არ აუყვანია. რაც შეეხება ხელფასების დაგვიანების შესახებ გაჟღერებულ ინფორმაციას, მოგეხსენებათ კომპანიის ანგარიშები არის გაყინული, რის გამოც შეზღუდული გვაქვს ფინანსური რესურსი, ამიტომ პირველ რიგში ირიცხება იმ თანამშრომლების ანაზღაურება, ვინც ამ ეტაპზე წარმოების პროცესშია ჩართული”, – აცხადებენ კომპანია IDS ბორჯომი საქართველოს, საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში.
შეგახსენებთ, რომ “ბორჯომის” ქარხანასთან აქცია ხმაურისა და დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობს.
“IDS ბორჯომის” გაფიცულმა თანამშრომლებმა პირველი და მეორე ჩამომსხმელი ქარხნების სრული პიკეტი დაიწყეს. თანამშრომლები ქარხნიდან უკანონოდ გათავისუფლებული 50 თანამშრომლის სამსახურში აღდგენასა და აპრილისა და მაისის თვის ხელფასების ჩარიცხვას ითხოვენ.
როგორც ცნობილი ხდება, გაფიცული თანამშრომლების მოთხოვნების დაკმაყოფილების ნაცვლად, კომპანია თანამშრომლების ჩანაცვლებას რუსეთიდან ჩამოყვანილი მუშებით გეგმავს.
- “გავიგეთ, რომ ჩვენს ადგილზე უნდა მოიყვანონ მუშები საქართველოდან, რუსეთიდან და გადავწყვიტეთ პიკეტირება. ვინც აქამდე შედიოდა მათაც გამოგვიცხადეს სოლიდარობა და აღარ შევიდნენ. ქარხანაში მიმდინარეობს დისკრიმინაცია, დაშინება”,- ამბობს ერთ-ერთი გაფიცული თანამშრომელი.
კომპანიის შესასვლელთან ახლა 400-მდე ადამიანი იმყოფება, ჩაკეტილი აქვთ ქარხნის შესასვლელები და შენობისკენ გადაადგილების საშუალებას სხვა დასაქმებულებს არ აძლევენ.ადგილზე როგორც საპატრულო, ასევე დაცვის სამსახურის თანამშრომლები არიან მობილიზებულნი.