აშშ–ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა CNN-თან ინტერვიუში რუსეთის მიერ ბირთვული იარაღის შესაძლო გამოყენების შესახებ კითხვას უპასუხა. ტელეარხის კორესპონდენტმა, სკოტ პელიმ პრეზიდენტს კითხა, რას ეტყობდა პუტინს თუ მან უკრაინაში მასობრივი განადგურების იარაღის გამოყენება ჩაიფიქრა.
“არ გინდა, არ გინდა, არც იფიქრო…“–უპასუხა ბაიდენმა.
დამაზუსტებელ კითხვაზე, რა შედეგები ექნება პუტინისთვის ბირთვული იარაღის გამოყენებას, ბაიდენმა უპასუხა:“თქვენ ფიქრობთ რომ გეტყვით, რომ ზუსტად ვიცი როგორი იქნება შედეგი? რა თქმა უნდა, არ გეტყვით. ისინი შორსმიმავალი იქნება.“
ბაიდენის თქმით, ამ შემთხვევაში რუსეთი მსოფლიოში ყველაზე დიდი კეთროვანი გახდება, თუკი ოდესმე ვინმე ყოფილა. აშშ–ს პასუხი კი ბაიდენის თქმით რუსეთის ქმედებების მაშტაბებზე იქნება დამოკიდებული.
ომის პირველ დღეებში, 27 თებერვალს პუტინმა საჯაროდ გასცა განკარგულება სტრატეგიული ბირთვული ძალები “საბრძოლო მზადყოფნის განსაკუთრებულ რეჟიმში მოეყვანათ“. მას არ დაუკონკრეტებია, რა იგულისხმებოდა ამ რეჟიმში, საჯაროდ ხელმისაწვდომ დოკუმენტებში კი ასეთი ტერმინოლოგია გამოყენებული არ არის.
ბოლო კვირების და თვეების განმავლობაში დასავლური დაზვერვების წარმომადგენლები ამბობდნენ, რომ არ შეიმჩნევა არავითარი ცვლილება რუსეთის ბირთვული ძალების ფუნქციონირებაში.