ხევსურეთში, არხოტის ხეობაში, ფოთლოვანი ტყის ქვედა საფარზე გაჩენილი ხანძრის ქრობის სამუშაოებში ჩართულია მეხანძრე-მაშველთა რამდენიმე ეკიპაჟი და შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი. ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ხანძრის ჩასაქრობად აქტიურად მუშაობენ მცხეთა-მთიანეთის განყოფილების თანამშრომლები. ასევე, თბილისიდან მობილიზებული მეხანძრე-მაშველები და სასაზღვრო პოლიციის 10-კაციანი ჯგუფი.
„კერა სოფელ ამღადან, დაახლოებით, 15 კილომეტრში, ტექნიკისთვის მიუვალ ადგილზეა და შესაბამისად, სახანძრო ავტოტექნიკის მიყვანა შეუძლებელია, ამიტომ ცეცხლის ქრობა მიმდინარეობს ინდივიდუალური საშუალებებით. ქრობის სამუშაოებს, რთულ რელიეფთან ერთად, ქარიც აძნელებს“, – ნათქვამია ინფორმაციაში.