არ ვართ დარწმუნებული, რომ “ოცნება” ყველაფრის შესრულებაზე წამოვა – იოსელიანი

პარლამენტის ვიცე-სპიკერი ლევან იოსელიანი ამბობს, რომ ის და ალეკო ელისაშვილი არ არიან დარწმუნებული, შეასრულებს თუ არა ქართული ოცნება მათთან გაფორმებული მემორანდუმის პირობებს.

“არ იქნება ამ პროცესის მიყვანა მარტივი. იმიტომ, რომ მოვაწერეთ ხელი ამ მემორანდუმს, მაგრამ არ ვართ დარწმუნებული ქართული ოცნება ყველაფრის შესრულებაზე წამოვა თუ არა. რა თქმა უნდა, ის ეცდება რაღაცები მაინც სათავისოდ მოირგოს, სათავისო ჩანაწერები გააკეთოს. ამიტომ ჩვენ დავიწყეთ უკვე ამაზე მუშაობა, რომ მაქსიმალურად გასაგებად ავსახოთ კანონმდებლობაში, რომ არჩევნები ვეღარ გაყალბდეს ამ ქვეყანაში”,– ამბობს იოსელიანი პალიტრანიუსის ეთერში.

მისივე განმარტებით, რეკომენდაციები, რომელზეც მოქალაქეები ოცნებას შეუთანხმდა, მმართველ პარტიას ეუთო–ოდირისგან დიდი ხანია მაგიდაზე უდევს, თუმცა მისი შესრულება “არასდროს თავში არ მოსვლია”.

“ამ შეთანხმებას რატომ მოაწერა ხელი? მოაწერა მხოლოდ იმიტომ, რომ პოლიტიკურმა კრიზისმა აიძულა ეს ნაბიჯი გადაედგა. აქედან გამომდინარე, თუ მას ექნება თავის დაძვრენის საშუალება, თუ მას ოპონირებას არ გავუწევთ იმდენად მკაცრად, რომ შეთანხმების ყველა პუნქტი ზედმიწევნით იყოს კანონმდებლობაში ასახული, ეჭვი მაქვს, ისინი შეეცდებიან სათავისოდ წაიყვანონ ეს პროცესი”,– თქვა ლევან იოსელიანმა.

მანვე აღნიშნა, რომ თუ მათ ქართული ოცნება “გადააგდებს”, პარლამენტში მისი და ალეკო ელისაშვილის ყოფნას აზრი არ ექნება.