”არ მეშინია! იბრძოლეთ და არ დანებდეთ..მე გავაგრძელებ ალექსეი ნავალნის საქმეს!” – ნავალნის ცოლი

გარდაცვლილი რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის ცოლმა, იულია ნავალნაიამ, ქმრის საქმიანობის გაგრძელება დაანონსა. მიმართვა მან სოციალური ქსელით გაავრცელა და მოსახლეობას მხარდაჭერა სთხოვა.

“მე ამ ადგილზე არ უნდა ვყოფილიყავი. ამ ვიდეოს არ უნდა ვწერდე. აქ სხვა ადამიანი უნდა ყოფილიყო, მაგრამ ეს ადამიანი ვლადიმირ პუტინმა მოკლა. 3 დღის წინ ვლადიმირ პუტინმა მოკლა ჩემი ქმარი, ალექსეი ნავალნი. პუტინმა მოკლა ჩემი შვილების მამა. პუტინმა წამართვა ყველაზე ძვირფასი, ახლო და საყვარელი ადამიანი.

თუმცა პუტინმა ნავალნი წაგართვათ თქვენც, სადღაც, უკიდურესი ჩრდილოეთის კოლონიაში, პოლარულ წრესთან, სამუდამო ზამთარში პუტინმა არა მხოლოდ ადამიანი, ალექსეი ნავალნი მოკლა, არამედ მოინდომა მასთან ერთად მოეკლა ჩვენი იმედიც, ჩვენი თავისუფლება, ჩვენი მომავალი. გაენადგურებინა და გაენულებინა საუკეთესო დამამტკიცებელი საბუთი, რომ რუსეთს შეუძლია იყოს სხვანაირი: რომ ჩვენ ვართ ძლიერები, გამბედავები, რომ გვწამს, თავგანწირვით ვიბრძვით და გვსურს სხვანაირი ცხოვრება.

[…]

მე გავაგრძელებ ალექსეი ნავალნის საქმეს. გავაგრძელებ ბრძოლას ჩვენი ქვეყნისთვის და მოგიწოდებთ, დადგეთ ჩემს გვერდით, გაიზიაროთ არამხოლოდ მწუხარება და უსასრულო ტკივილი, რომელმაც მოგვიცვა და არ გვიშვებს. მე გთხოვთ, გაიზიაროთ მრისხანება, სიძულვილი, ბოროტება, მათ მიმართ, ვინც გაბედა მოეკლა ჩვენი მომავალი და მოგმართავთ ალექსეის სიტყვებით, რომლისაც ბოლომდე გვწამს: არაა სამარცხვინო გააკეთო ცოტა, სამარცხვინოა არაფრის გაკეთება. სამარცხვინოა, შეგაშინონ. ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ყველა შესაძლებლობა, ვიბრძოლოთ ომის წინააღმდეგ, კორუფციის წინააღმდეგ, უსამართლობის წინააღმდეგ. ვიბრძოლოთ სამართლიანი არჩევნებისთვისა და სიტყვის თავისუფლებისთვის. ვიბრძოლოთ იმისთვის, რომ დავიბრუნოთ ჩვენი ქვეყანა.” – თქვა ნავალნაიამ.

ნავალნის ცოლის თქმით, მას სურს, რომ მომავლის რუსეთი, რომელზეც მისი ქმარი ოცნებობდა, მხარდამჭერებთან ერთად ააშენოს.

“იბრძოლეთ და არ დანებდეთ. მე არ მეშინია და არც თქვენ შეგეშინდეთ.” – მოუწოდა მხარდამჭერებს იულია ნავალნაიამ.