„2022 წლის 19 ოქტომბერს, უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს გადაწყვეტილებით, ეკონომიკური და სხვა სახის სანქციები დაედო რუსულ ავიაკომპანია აზიმუტსა და მის დირექტორთა ბორდის ცალკეულ წევრებს. ამავე განცხადებაში ნათქვამია, რომ უკრაინული მხარე აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ აცნობებს უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს, ევროკავშირის, ამერიკის შეერთებული შტატების და სხვა სახელმწიფოების კომპეტენტურ ორგანოებს, რათა დააყენოს მათთან მსგავსი შემზღუდავი ზომების შემოღების საკითხი. შესაბამისად, არ უნდა გაგვიკვირდეს ის ფაქტი, რომ უახლოეს პერიოდში ვიხილოთ ინფორმაცია აშშ-ს, ევროკავშირისა და სხვა კომპეტენტური სახელმწიფოებისა თუ ინსტიტუციების მხრიდან ავიაკომპანია აზიმუტის სანქცირების შესახებ, „ – აღნიშნულია ორგანიზაცია „სამოქალაქო იდეის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში, რომელიც რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენის გადაწყვეტილებას ეხება.
აღნიშნულ განცხადებას გთავაზობთ უცვლელად:
„სამოქალაქო იდეა“ გმობს, რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენის გადაწყვეტილებას და მიიჩნევს, აუცილებელი და უალტერნატივოა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ:
- უარი თქვას ფრენების აღდგენაზე და შეუერთდეს ევროკავშირის სანქციებს რუსული ავიაკომპანიების წინააღმდეგ, ისევე, როგორც რუსეთში ფრენებზე
- სავიზო რეჟიმი დაუწესდეთ რუსეთის მოქალაქეებს.
ასევე, მიუღებელია ქართული ავიაკომპანიის სურვილი, განახორციელოს ფრენები მოსკოვის მიმართულებით.
2022 წლის 8 თებერვალს, რუსულ მედია საშუალებებში გავრცელდა რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, ვლადიმერ ჯაბაროვის განცხადება იმის შესახებ, რომ საქართველომ თავად მიმართა რუსეთს საჰაერო კომუნიკაციის აღდგენის თხოვნით. 10 მაისს, რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განკარგულებით, რუსეთმა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი გააუქმა, რაც შესაბამისად, რუსული ავიაკომპანიებისთვის საქართველოში ფრენებზე აკრძალვის მოხსნასაც ითვალისწინებდა. 15 მაისს, სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ რუსულ ავიაკომპანიის, Азимут-ის მხრიდან თბილისში პირდაპირი ფრენების თაობაზე ნებართვა გასცა. ეს უკანასკნელი პირველი ფრენის შესრულებას 17 მაისიდან გეგმავს. გარდა ამისა, სამოქალაქო ავიაციის ცნობით, “შემოსულია (სხვა) რამდენიმე ავიაკომპანიის განაცხადი საქართველოსა და რუსეთს შორის რეგულარული საჰაერო მიმოსვლის განხორციელების მოთხოვნით.”
აღსანიშნავია, რომ კომპანია აზიმუტმა, აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი ვებ გვერდზე გამოქვეყნებული ქვეყნების სიიდან ამოიღო, თუმცა ახორციელებს ფრენებს სიმფეროპოლის მიმართულებით , ყირიმში. რაც აბსოლუტურად იგივე კონტექსტია, როდესაც ოკუპანტი ქვეყნის ავიაკომპანია ასრულებს რეისებს მის მიერ ოკუპირებული ქვეყნის ტერიტორიაზე.
2022 წლის 19 ოქტომბერს, უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს გადაწყვეტილებით, ეკონომიკური და სხვა სახის სანქციები დაედო რუსულ ავიაკომპანია აზიმუტსა და მის დირექტორთა ბორდის ცალკეულ წევრებს. უფრო კონკრეტულად კომპანიას დაეწესა შემდეგი სახის შეზღუდვები: ნებისმიერი სახის სავაჭრო ოპერაციების აკრძალვა, ტრანზიტის შეზღუდვები, კაპიტალის გაუქმება, ეკონომიკური და ფინანსური ვალდებულებები, ლიცენზიებისა და ნებართვების გაუქმება, პრივატიზაციისა და ლიზინგის აკრძალვა, სახელმწიფო და თავდაცვის შესყიდვების აკრძალვა, მათი თვითმფრინავების უკრაინის ტერიტორიაზე შესვლისა და დაშვების აკრძალვა, ფასიანი ქაღალდების ტრანზაქციები, უკრაინის ეროვნული ბანკის ნებართვების გაუქმება, ვალუტის კონტროლი, ავტორიზებული კაპიტალის შეზღუდვა, ხელშეკრულებების შეწყვეტა, ტექნოლოგიებისა და ინტელექტუალური საკუთრების აკრძალვა, მიწის საკუთრების შეძენა და სხვა.
განცხადებაში ნათქვამია რომ უკრაინული მხარე გადაწყვეტილების შესახებ აცნობებს უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს, ევროკავშირის, ამერიკის შეერთებული შტატების და სხვა სახელმწიფოების კომპეტენტურ ორგანოებს, რათა დააყენოს მათთან მსგავსი შემზღუდავი ზომების შემოღების საკითხი. შესაბამისად, არ უნდა გაგვიკვირდეს ის ფაქტი, რომ უახლოეს პერიოდში ვიხილოთ ინფორმაცია აშშ-ს, ევროკავშირისა და სხვა კომპეტენტური სახელმწიფოებისა თუ ინსტიტუციების მხრიდან ავიაკომპანია აზიმუტის სანქცირების შესახებ.