“არ შევუქმნით კოალიციას ივანიშვილს” – ოპოზიციურმა პარტიებმა შეთანხმებას ხელი მოაწერეს

ოპოზიციურმა პარტიებმა ხელი მოაწერეს დეკლარაციას, რომლის მიხედვითაც ქართულ ოცნებასთან კოალიციას არ შექმნიან.

დეკლარაცია, რომელზეც 10-მა პარტიამ მოაწერა ხელი, ასეთია:

“ქვემორე ხელმომწერი პარტიები ვაცნობიერებთ რა, რომ ბიძინა ივანიშვილის რვაწლიანმა ოლიგარქიულმა მმართველობამ:

  • მნიშვნელოვნად დაასუსტა საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტები, ძალაუფლების ერთპიროვნული და უკონტროლო კონცენტრაციით, სახელმწიფო ინსტიტუტების პოლიტიზირებით და დემოკრატიული ანგარიშვალდებულების მექანიზმების სრული მორღვევით; მათ შორის, სასამართლო სისტემის პოლიტიზირებით და პოლიტიკური დევნის ინსტრუმენტად გამოყენებით;
  • ჩრდილი მიაყენა საქართველოს საერთაშორისო რეპუტაციას და შეაფერხა ქართველი ხალხის ისტორიული ევროპული არჩევანის განხორციელების შესაძლებლობა, მათ შორის ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანების პროცესში;
  • ზიანი მიაყენა საქართველოს სტრატეგიულ ეკონომიკურ პერსპექტივებს, მათ შორის ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის შეჩერებით და დასავლელი ინვესტორების პროექტიდან ხელოვნურად ჩამოშორებით;
  • “ნორმალიზების პოლიტიკის” საფარქვეშ შეასუსტა საქართველოს სამომლაპარაკებლო პოზიცია რუსეთის ფედერაციასთან დეოკუპაციის საკითხებზე საქართველოს ეროვნული ინტერესების დათმობით;

ვაცხადებთ, რომ 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგად, არცერთ მოცემულობაში არ შევუქმნით კოალიციურ მთავრობას ბიძინა ივანიშვილის ქართულ ოცნებას.

ოპოზიცია დარწმუნებულია, რომ ქართველი ხალხის ნებით 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში მოიპოვებს დამაჯერებელ გამარჯვებას და მოახდენს ქართველი ხალხის ნდობით აღჭურვილი მთავრობის ფორმირებას ქვეყნის საკეთილდღეოდ”,- წერია შეთანხმებაში.

მას ხელს შემდეგი პარტიები აწერენ:

  • სტრატეგია აღმაშენებელი
  • გირჩი
  • ევროპული საქართველო
  • ევროპელი დემოკრატები
  • გამარჯვებული საქართველო
  • ერთიანი საქართველო
  • რესპუბლიკური პარტია
  • ერთიანი ნაციონალური მოძრაობა
  • მოძრაობა ხალხისთვის
  • ლეიბორისტული პარტია

საპარლამენტო არჩევნები ხვალ, 31 ოქტომბერს გაიმართება.