ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ რუსთავში ყირიმ-კონგოს ცხელება 70 წლამდე კაცს დაუდასტურდა. მისი მდგომარეობა კლინიკაში შეყვანის დროს მძიმე იყო. ინფორმაციას ამის შესახებ sknews.ge ავრცელებს.
„პაციენტს შემოსვლისას მდგომარეობა მძიმე ჰქონდა. იგი გადაყვანილია ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ეროვნულ ცენტრში“,- განუცხადეს „სამხრეთის კარიბჭეს“ ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალში.
კლინიკაში ასევე განმარტავენ, რომ მიმდინარე წელს მათთან ყირიმ-კონგოს დადასტურებული შემთხვევით მხოლოდ ერთი პაციენტი მიიღეს.
ყირიმ-კონგოს ცხელებით ავადობის კიდევ ერთი შემთხვევა დაფიქსირდა ახალციხის მუნიციპალიტეტში.
ახალციხის მერიაში განგვიცხადეს, რომ გასულ თვეში ახალციხის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ მთაში მდებარე ფერმაში ყირიმ-კონგოს ცხელება ქალს დაუდასტურდა. იგი უკვე გამოჯანმრთელდა და თავს კარგად გრძნობს.
ადამიანებში ყირიმ–კონგოს ჰემორაგიული ცხელება დაავადებულ ტკიპასთან კონტაქტის (კბენა, გაჭყლეტილ ტკიპასთან შეხება) შემდგომ 1-9 დღეში ვლინდება. დამახასიათებელია მაღალი ტემპერატურა. კანქვეშ და ნაკბენის მიდამოებში ჩნდება სისხლჩაქცევები და ვითარდება სისხლდენა შინაგანი ორგანოებიდან.
დაავადების სიმპტომები მოულოდნელი შემცივნებით იწყება. სხეულის ტემპერატურა 39-40°С–მდე იწევს, იწყება კუნთებისა და თავის ტკივილით, ღებინებით, დიარეით. დაავადება ადამიანებში მძიმედ მიმდინარეობს და, დროული მკურნალობის ჩატარების გარეშე, შეიძლება, სიკვდილით დასრულდეს.
მაღალი რისკის ქვეშ ძირითადად ფერმერები, მწყემსები და ვეტერინარები არიან; ასევე – პირები, რომლებიც ახლო კონტაქტში არიან ყირიმ–კონგოს ჰემორაგიული ცხელებით დაავადებულ ადამიანებთან.