აფეთქება ყირიმის ხიდზე. დანგრეულია ხიდის 2 მონაკვეთი

ორშაბათს ღამით, ყირიმის ხიდზე, რომელიც რუსეთის კრასნოდარის ოლქს ანექსირებულ ნახევარკუნძულთან აკავშირებს,  აფეთქება მოხდა. შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, ხიდზე მოძრაობა შეჩერდა.

რუსეთის ხელისუფლების განცხადებით, ყირიმის ხიდის 145-ე საყრდენის მიდამოში ყუბანის მხრიდან “საგანგებო შემთხვევა” მოხდა. მომხდარის მიზეზი ოფიციალურად ჯერ არ სახელდება.

თუმცა, ადგილობრივი წყაროები წერენ ორი ძლიერი აფეთქების შესახებ, ხოლო Telegram-ის არხების მიერ გამოქვეყნებულ ფოტოებზე ჩანს ხიდის ორი მონაკვეთის სერიოზული დაზიანება.  ტამანის მხარეს მონაკვეთი განადგურებულია,  ქერჩის მხარეს კი დაწეული, წერს ტელეგრამის არხი Shot.

აფეთქებას ბელგოროდის რეგიონიდან ცოლ-ქმარი დაიღუპა, მათი 14 წლის ქალიშვილი მძიმედ დაშავდა და საავადმყოფოში გადაიყვანეს.

რუსეთის ხელისუფლებამ დახურა ყველა მოძრაობა ქერჩის სრუტეზე: ხიდის ორივე ხაზი, რკინიგზა და საბორნე გადასასვლელი.

მატარებლებისა და ბორნების მოძრაობა მალე აღდგება, მაგრამ მათ, ვინც ყირიმში ან ყირიმიდან მანქანით მიემგზავრება, ურჩევენ გაიარონ გზა უკრაინის “მატერიკზე” ოკუპირებული ტერიტორიების ფრონტის ხაზის გავლით. გარდა ამისა, დაგეგმილია ტურისტებისთვის დროებითი განსახლების ცენტრების გახსნა ყირიმის აღმოსავლეთით.

ეს არის მეორე დიდი ინციდენტი ანექსირებულ ნახევარკუნძულთან დამაკავშირებელ ხიდზე უკრაინის ომის დაწყების შემდეგ. წინა შემთხვევა გასული წლის ოქტომბერში მოხდა.

უკრაინის მთავარი სადაზვერვო სამმართველოს წარმომადგენელმა ანდრეი იუსოვმა უკრაინული გამოცემის Suspilna-ს კომენტარში აღნიშნა, რომ ხიდის ნაწილის განადგურების გამო, უკრაინაში რუსეთის არმიას პრობლემები შეექმნება ლოჯისტიკასთან დაკავშირებით.

„ნახევარკუნძულს რუსები იყენებენ, როგორც დიდ ლოჯისტიკურ კვანძს უკრაინის ტერიტორიაზე ძალების და აქტივების გადასაადგილებლად. რა თქმა უნდა, ნებისმიერი ლოგისტიკური პრობლემა დამპყრობლებისთვის დამატებითი გართულებაა“, – განაცხადა იუსოვმა. მან ასევე მოიყვანა უკრაინის უშიშროების სამსახურის ხელმძღვანელის, კირილ ბუდანოვის განცხადება, რომელმაც ხიდს “ზედმეტი კონსტრუქცია” უწოდა.

ოფიციალურად, უკრაინის ხელისუფლებას ხიდის დაზიანებაზე პასუხისმგებლობა არ აუღია. თუმცა, BBC-ის წყარომ უკრაინის შეიარაღებული ძალებიდან განაცხადა, რომ ღამის თავდასხმა ყირიმის ხიდზე იყო უკრაინის შეიარაღებული ძალების საზღვაო ძალების და უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის სპეცოპერაცია.

„ხიდს თავს დაესხნენ წყალზედა დრონებით. ხიდთან მისვლა რთული იყო, მაგრამ საბოლოოდ ეს მოხერხდა“, – ამბობს წყარო. უწყებაში სხვა დეტალებზე არ საუბრობენ.