აფეთქებულ ყირიმის ხიდზე მოძრაობა ნაწილობრივ აღდგა – აღდგენილია ტამან ქერჩის მიმართულების უკიდურესი მარჯვენა ზოლი, რომელიც ერთადერთია, სადაც ავტომობილების მოძრაობა შესაძლებელია, შესაბამისად, შემოღებულია რევერსული მოძრაობის რეჟიმი, რაც იმას ნიშნავს, მოძრაობა მონაცვლეობით იხსნება ჯერ ერთი მიმართულებით მიმავალი მანქანებისთვის, შემდეგ კი მეორე მიმართულებისთვის. მოძრაობის აღდგენის ამსახველი ვიდეო რუსეთის ვიცე პრემიერმა, მარატ ხუსნულინმა გამოაქვეყნა.
ყირიმის ხიდთან დღესაც მანქანების კილომეტრებიანი რიგია. ასობით მანქანა საკუთარ რიგს ელოდება.
ყირიმის ხიდი, რომელიც რუსეთის კრასნოდარის ოლქს ანექსირებულ ყირიმთან აკავშირებს, სავარაუდოდ საზღვაო დრონებმა ორშაბათს ღამით ააფეთქეს. შედეგად, ხიდის საავტომობილო ნაწილის ერთი სექცია ჩამოინგრა, მეორე შედარებით ნაკლებად დაზიანდა. სწორედ ამ ზოლში აღდგა მოძრაობა.
რუსეთის მთავრობის ინფორმაციით, რომელიც გუშინ საღამოს პუტინთან ყირიმის ხიდზე მომხდარი აფეთქების საკითხის გამო შეიკრიბა, ყირიმის ხიდის ერთ მხარეს ორმხრივი მოძრაობის ამოქმედება 15 სექტემბერს იგეგმება, მეორე მხარის აღდგენას კი ნოემბრამდე შეძლებენ.
ცნობისთვის, ყირიმის ხიდზე, რომელიც რუსეთის კრასნოდარის ოლქს ანექსირებულ ნახევარკუნძულთან აკავშირებს, აფეთქება მოხდა. შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, ხიდზე მოძრაობა შეჩერდა. რუსეთის ხელისუფლების განცხადებით, ყირიმის ხიდის 145-ე საყრდენის მიდამოში ყუბანის მხრიდან “საგანგებო შემთხვევა” მოხდა.
ეს არის მეორე დიდი ინციდენტი ანექსირებულ ნახევარკუნძულთან დამაკავშირებელ ხიდზე უკრაინის ომის დაწყების შემდეგ. წინა შემთხვევა გასული წლის ოქტომბერში მოხდა.
უკრაინის მთავარი სადაზვერვო სამმართველოს წარმომადგენელმა ანდრეი იუსოვმა უკრაინული გამოცემის Suspilna-ს კომენტარში აღნიშნა, რომ ხიდის ნაწილის განადგურების გამო, უკრაინაში რუსეთის არმიას პრობლემები შეექმნება ლოჯისტიკასთან დაკავშირებით.
- „ნახევარკუნძულს რუსები იყენებენ, როგორც დიდ ლოჯისტიკურ კვანძს უკრაინის ტერიტორიაზე ძალების და აქტივების გადასაადგილებლად. რა თქმა უნდა, ნებისმიერი ლოგისტიკური პრობლემა დამპყრობლებისთვის დამატებითი გართულებაა“, – განაცხადა იუსოვმა. მან ასევე მოიყვანა უკრაინის უშიშროების სამსახურის ხელმძღვანელის, კირილ ბუდანოვის განცხადება, რომელმაც ხიდს “ზედმეტი კონსტრუქცია” უწოდა.
ოფიციალურად, უკრაინის ხელისუფლებას ხიდის დაზიანებაზე პასუხისმგებლობა არ აუღია. თუმცა, BBC-ის წყარომ უკრაინის შეიარაღებული ძალებიდან განაცხადა, რომ ღამის თავდასხმა ყირიმის ხიდზე იყო უკრაინის შეიარაღებული ძალების საზღვაო ძალების და უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის სპეცოპერაცია.