აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრომ მოუწოდა მსოფლიო თანამეგობრობას მათი დამოუკიდებლობა აღიარონ

რუსული მედიის ინფორმაციით, აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ უარყო გაეროში მალტის მუდმივი წარმომადგენლის, ფრანჩესკა გატის განცხადება, რომელშიც მან აფხაზეთს “საქართველოს განუყოფელი ნაწილი” უწოდა და რუსეთს აღიარების მოხსნისკენ მოუწოდა. აფხაზეთის ეგრეთწოდებული საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ ისინი წარმოადგენენ სუვერენულ ქვეყანას, “ქართული კოლონიალიზმის წინააღმდეგ ბრძოლის მრავალსაუკუნოვანი ისტორიით.“

„მოვუწოდებთ საერთაშორისო თანამეგობრობას აღიაროს აფხაზეთის რესპუბლიკის ხალხის ნების შედეგები, მათ მიერ განხორციელებული საერთაშორისო სამართლის ნორმებისა და პრინციპების სრული დაცვით და აღიაროს ის პოლიტიკური რეალობა, რომელიც განვითარდა ამიერკავკასიაში. რომელშიც აფხაზეთი დამოუკიდებელი სახელმწიფოა“, – ნათქვამია ტექსტში.

აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრომ დასძინა, რომ სახელმწიფოს დამოუკიდებლობა რეფერენდუმის შედეგი იყო და “აფხაზი ხალხი გაეროს სტანდარტების შესაბამისად მოქმედებდა.

„დიდი იმედგაცრუებით უნდა ვაღიაროთ, რომ ე.წ. საერთაშორისო თანამეგობრობის ზოგიერთი წარმომადგენელი საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებს საკუთარი ოპორტუნისტული ინტერესების შესაბამისად განმარტავს“, – ნათქვამია განცხადებაში.

2008 წლის 26 აგვისტოს შემდეგ, რაც აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სეპარატისტული რეგიონები დამოუკიდებელ ქვეყნებად აღიარა, კრემლმა მხოლოდ რამდენიმე სახელმწიფოს დაყოლიება შეძლო ამ რეგიონების დამოუკიდებლობის აღიარებაზე. დღემდე გაეროს წევრი 193 ქვეყნიდან რესპუბლიკების დამოუკიდებლობა საქართველოსგან 5-მა ქვეყანამ – რუსეთის ფედერაციამ, ნიკარაგუამ, ვენესუელამ, ნაურუმ და სირიამ აღიარა.

რესპუბლიკების დამოუკიდებლობა აღიარეს გაეროს სხვა წევრმა ქვეყნებმაც – ტუვალუმ და ვანუატუმ , მაგრამ მოგვიანებით ამ ქვეყნებმა მოხსნეს აღიარება და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა გამოაცხადეს. საერთაშორისო საზოგადოება აფხაზეთის დამოუკიდებლობას არ აღიარებს და მას საქართველოს რეგიონად მოიხსენიებს. გაერო,დიდი შვიდეული, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა, ნატო, ევროკავშირი და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა გმობენ რუსეთის ქმედებებს და აღიარებენ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას.

არაღიარების პოლიტიკის ძირითადი გარანტორები შეერთებული შტატები და საქართველოს სხვა დასავლელი პარტნიორები არიან.

მაგალითად, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის კონსოლიდირებული ასიგნებების აქტები, რომელიც აშშ-ის სხვადასხვა ფედერალური ორგანოების მიერ გასაწევ ხარჯებს განსაზღვრავს, მუდმივად არის ჩანაწერი, რომელიც კრძალავს ქვეყნის მიერ იმ სახელმწიფოების დახმარებას, რომლებმაც ოკუპირებული აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი/სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარეს.

დოკუმენტის თანახმად, „აქტის მიერ გამოყოფილი თანხები არ უნდა მოხმარდეს იმ ქვეყნის ცენტრალური მთავრობის დახმარებას, რომელმაც, როგორც სახელმწიფო მდივანი განსაზღვრავს და აცნობებს ასიგნებების კომიტეტს, აღიარა რუსეთის მიერ ოკუპირებული საქართველოს ტერიტორიების, აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონი/სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა ან დიპლომატიური ურთიერთობები დაამყარა მათთან“.

დოკუმენტი ასევე განსაზღვრავს, რომ აქტის მიერ გამოყოფილი თანხები არ უნდა გახდეს ხელმისაწვდომი ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთში რუსეთის ოკუპაციის მხარდასაჭერად.

გარდა ამისა, დოკუმენტში ნათქვამია, რომ აშშ-ის ხაზინის მდივანმა უნდა დაავალოს აშშ-ის საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების აღმასრულებელ დირექტორებს, რომ მხარი არ დაუჭირონ ამ ინსტიტუტების მიერ დახმარების გამოყოფას იმ პროგრამებისთვის (მათ შორის სესხების, კრედიტების ან გარანტიების), რომლებიც საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას არღვევენ.