დედა სიდონია უკრაინაში ჩავიდა, სადაც ავტოკეფალიური ეკლესიის პირველ იერარქს მიტროპოლიტ ეპიფანეს შეხვდა.
ამის შესახებ ინფორმაციას დედა სიდონია Facebook გვერდზე ავრცელებს.
“დღეს, პირველად შევხვდი უკრაინის ავტოკეფალიური ეკლესიის პირველ იერარქს, მიტროპოლიტ ეპიფანეს.
ძალიან გახარებული ვარ, რომ ამ მძიმე დროს მისგან საოცარი სითბო, ნუგეში, სიძლიერე და იმედი ვიგრძენი!
მქონდა შეგრძნება რომ გმირს შევხვდი, და ასეცაა, უკრაინის ეკლესიის რუსეთისგან გათავისუფლების მთელი სიმძიმე მან იტვირთა!მადლობა ყველა მათ, ვისი იდეა და ორგანიზებულიც იყო ეს ვიზიტი და შეხვედრა!”, – წერს დედა სიდონია.
დედა სიდონიამ ტელეკომპანია “ფორმულასთან” განაცხადა, რომ დღეს საქართველოს ბედიც უკრაინაში წყდება, ამიტომ გადაწყვიტა, ფიზიკურად გამოეხატა საკუთარი მხარდაჭერა.
“ერთი წელი ჩემი მორალური მხარდაჭერა ჩემი სიმშვიდისთვის არ აღმოჩნდა საკმარისი და ძალიან დიდი სურვილი გამიჩნდა, მივხვდი, რომ ფიზიკურადაც უნდა ვყოფილიყავი იმ მხარეს, იმ ადამიანების გვერდით, რომლებიც არიან ამ უზარმაზარი უსამართლობის, სისასტიკის მსხვერპლი. ფიზიკურადაც მინდოდა, რომ ვყოფილიყავი იმ ადამიანებთან და შესაბამისად, უნეტარეს ეპიფანესთანაც გამომეხატა როგორც სასულიერო პირს მხარდაჭერა და თანადგომა.
შეხვედრა იყო არაჩვეულებრივად თბილი, მეგობრული, ისინი არიან ძალიან მადლიერები, კეთილგანწყობილები საქართველოს მიმართ – ვისაუბრეთ, ძალიან ბევრი გეგმა გვაქვს, თუმცა ჯერ ვერ გავაჟღერებ. ძალიან მალე დავიწყებთ თანამშრომლობას […] უკრაინის გადარჩენა არის საქართველოს გადარჩენა და ჩვენ ეს უნდა გავიაზროთ, უკრაინაში წყდება დღეს ნამდვილად ჩვენი ბედიც”, – განაცხადა მან.