აღმაშენებლის გამზირზე 50-მდე კაფეს უნებართვო კონსტრუქციის დემონტაჟი განხორციელდა – ინფორმაციას ამის შესახებ დედაქალაქის მერი ავრცელებს. კახა კალაძის თქმით, 14 კაფეს აქვს მოქმედი საიჯარო ხელშეკრულება, ხოლო 7 ობიექტს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭოსგან კანონით განსაზღვრული ქმედებების განხორციელებაზე თანხმობა აქვს მიღებული.
“აღმაშენებლის გამზირზე მდებარე ღია კაფეების მეპატრონეებს დაკავებული ტერიტორიის გათავისუფლება და მოწესრიგება დავავალეთ, რისთვისაც გონივრული ვადაც მივეცით. როგორც გახსოვთ, მათ პანდემიის პერიოდში, გამომდინარე იქიდან, რომ დახურულ სივრცეში მეტი იყო ვირუსის გავრცელების რისკი, უფლება მივეცით, მაგიდები გარე ტერიტორიაზე განეთავსებინათ, თუმცა სარისკო პერიოდმა გადაიარა და დროა, ფეხითმოსიარულეთათვის განკუთვნილი ტერიტორია მოწესრიგდეს. გამზირზე არსებული ვითარება სახანძრო თუ სასწრაფო დახმარების მანქანებს გადაადგილებაში უშლიდა ხელს, რაც ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია”,- აცხადებს კალაძე.