აშშ, გერმანია და უნგრეთი ეწინააღმდეგებიან პოლონეთისა და ბალტიისპირეთის ქვეყნების მცდელობებს, შესთავაზონ კიევს ნატოს წევრობისთვის „გზის რუკა“ ნატოს ივლისის სამიტზე, რაც ასახავს დასავლეთში განხეთქილებას კიევის ომის შემდგომი სტატუსის გამო.
ამის შესახებ Financial Times-ი მოლაპარაკების ოთხ მონაწილეზე დაყრდნობით იტყობინება.
მოლაპარაკებები მიმდინარეობს უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის გაფრთხილების ფონზე, რომ ის დაესწრება ვილნიუსის სამიტს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დაინახავს რეალურ ნაბიჯებს უკრაინის ნატოში გაწევრიანებისკენ, როგორიცაა ომისშემდგომი უსაფრთხოების გარანტიების მიცემა ან ალიანსთან უფრო მჭიდრო თანამშრომლობა.
მარტში ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა წევრ ქვეყნებს წარუდგინა დოკუმენტი კიევისთვის “პრაქტიკული და პოლიტიკური” წინადადებებით, როგორიცაა ახალი დეკლარაცია უკრაინის ურთიერთობების შესახებ ნატო-სთან, რომელიც დაეფუძნება 2008 წლის განცხადებას, რომ უკრაინა რაღაც მომენტში გახდება ალიანსის წევრი.
ამ კვირაში მოლაპარაკებებში ჩართულმა დიპლომატებმა განუცხადეს FT-ს, რომ საგარეო საქმეთა მინისტრები ბრიუსელში აქტიურად განიხილავდნენ, თუ რა უნდა შესთავაზონ უკრაინას.
ალიანსის ყველა წევრი ქვეყანა თანხმდება, რომ უკრაინის ნატოში გაწევრიანება სერიოზულად ვერ განიხილება მაშინ, როცა ქვეყანა ომშია.
მაგრამ ორმა ადამიანმა, რომლებიც ესწრებოდნენ ამ კვირის შეხვედრებს, უთხრა FT-ს, რომ იყო მზარდი მხარდაჭერა ვილნიუსის სამიტზე უკრაინის წევრობის “პოლიტიკური გზის” შეთავაზებისთვის, რაც გააძლიერებდა კავშირებს ნატოსა და კიევს შორის. თუმცა, ამ წყაროების მიხედვით, შეერთებული შტატები, ისევე როგორც გერმანია და უნგრეთი, ეწინააღმდეგებიან ამ წინადადებას.
ვაშინგტონი შეშფოთებულია, რომ ომის დროს კიევის ალიანსთან კავშირების გაღრმავებამ შეიძლება ხელი შეუწყოს პუტინის ნარატივს რუსეთ-ნატოს ბრძოლის შესახებ და გამოიწვიოს კონფლიქტის ესკალაცია, ბირთვული იარაღის პოტენციური განლაგების ჩათვლით.
ამის ნაცვლად, აშშ მოუწოდებს მოკავშირეებს, ფოკუსირება მოახდინონ უკრაინის მოკლევადიან სამხედრო, ფინანსურ და ჰუმანიტარულ დახმარებაზე, რათა დაეხმარონ მას წინააღმდეგობის გაწევაში და, საბოლოოდ, რუსეთის აგრესიის მოგერიებაში. ამერიკელი ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ ვილნიუსის სამიტზე მთავარი პრიორიტეტი უნდა იყოს უკრაინის პრაქტიკული დახმარება, როგორიცაა საბრძოლო მასალები და ომის შემდგომ შესაძლო პოლიტიკურ ურთიერთობებზე დისკუსიები მხოლოდ ამ მიზანს აკნინებს.
„ჩვენ წინ გვაქვს რამდენიმე კვირიანი ინტენსიური მოლაპარაკებები, რათა დავხუროთ ეს უთანხმოება და მივაღწიოთ პოლიტიკურ შედეგს“, განუცხადა FT-ს ერთ-ერთმა დასავლელმა ოფიციალურმა პირმა.