უკრაინის პრეზიდენტის უსაფრთხოება ბაიდენის ადმინისტრაციის განსაკუთრებული შეშფოთების საგანია. ამის შესახებ ამერიკის ხმის კორესპონდენტმა, ჯეფ სელდინმა ტვიტერზე დაწერა და აშშ–ს პრეზიდენტის თანაშემწის, ჯეიკ სალივანის ცოტა ხნის წინანდელი გამოსვლიდან ციტატა მოიყვანა, რომელშიც ნათქვამია, რომ “აშშ შეშფოთებულია ზელენსკის უსაფრთხოების საკითხით, რადგან ეს არის მეომარი ქვეყნის ლიდერი, რომელსაც საქმე აქვს სასტიკ, დაუნდობელ მოწინააღმდეგესთან, რომელიც პრაქტიკულად ყველაფერზეა წამსვლელი.“
“უკრაინაში ჩვენი ამოცანის ნაწილი უნდა იყოს ძალიას, გამძლეობის, ურყეობის, წინდახედულების და უნარიანობის დემონსტრირება, რაც გავლენას მოახდენს ჩვენს შესაძლებლობაზე მოვახერხეოთ სხვების შეკავება სხვა ადგილებზე“. – ციტირებს ჟურნალისტი სალივანს.
უკრაინაში შეჭრის შემდეგ უკრაინული მხარის ინფორმაციით ზელენსკიზე თავდასხმის 5 მცდელობა იყო, რაც უკრაინულმა ძალებმა აღკვეთეს. უკრაინის უშიშროების საბჭოს მდივნის, ალექსეი დანილოვის თქმით, მცდელობებს თებერვლის ბოლოს და მარტის დასაწყისში ქონდა ადგილი. დანილოვი თავდასხმების დეტალებზე არ საუბრობს, თუმცა რუსეთის ფართომაშტაბიანი აგრესიის დასაწყისში ღიად საუბრობდა ჩეჩენი მებრძოლების რაზმზე, რომელსაც ზელენსკის მოკვლა ქონდა დავალებული, თუმცა ის სრულად გაანადგურეს.
თავად პრეზიდენტი ზელენსკი თვლის, რომ მის წინააღმდეგ თავდასხმების მზადება არც ისე საშიშია და თავად კრემლის ლიდერს უფრო მეტი პრობლემები აქვს, თუ გავითვალისწინებთ მისი პოლიტიკის მიმართ მთელი მსოფლიოს დამოკიდებულებას.