აშშ-ის თავდაცვის მდივანი, ლოიდ ოსტინი საქართველოშია

ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი საქართველოში ჩამოფრინდა. მას თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს თავდაცვის მინისტრი და აშშ-ს ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი დახვდნენ.

პენტაგონი აცხადებს, რომ ოსტინი ქვეყნის ლიდერებთან შავი ზღვის უსაფრთხოებაზე აპირებს საუბარს. ოსტინი ასევე ხაზს გაუსვამს, რომ უკრაინისთვის და საქართველოსთვის NATO-ს კარი ღიაა.

ლოიდ ოსტინი შეხვდება პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს და თავდაცვის მინისტრ ჯუანშერ ბურჭულაძეს. შემდეგ, ერთობლივ პრესკონფერენციაზე საქართველოსა და აშშ-ის თავდაცვის უწყებების ხელმძღვანელები მედიისთვის განცხადებებს გააკეთებენ. დაგეგმილია საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტს შორის შეთანხმების გაფორმება, რომელიც საქართველოს თავდაცვისუნარიანობისა და შეკავების შესაძლებლობების გაძლიერებას ისახავს მიზნად.

გარდა ამისა, აშშ-ის თავდაცვის მდივანი საქართველოს თავდაცვის ძალების ერთ-ერთ სამხედრო ბაზას ესტუმრება და ამერიკელი და ქართველი სამხედრო მოსამსახურეების მონაწილეობით ერთობლივ სწავლებას დაესწრება.