უკრაინაში კასეტური საბრძოლო მასალის მიწოდების საკითხმა აშშ-ს მოკავშირეების ბანაკში უთანხმოება გამოიწვია , რაც ადრე იშვიათი იყო. დასავლეთის ქვეყნები სათითაოდ აკეთებენ საჯარო განცხადებებს და ვაშინგტონის გადაწყვეტილების გამო შეშფოთებას გამოთქვამენ. კერძოდ, დიდმა ბრიტანეთმა, კანადამ, ახალმა ზელანდიამ და ესპანეთმა უკვე განაცხადეს, რომ ამ იარაღის გამოყენებას ეწინააღმდეგებიან.
პარასკევს გახდა ცნობილი, რომ უკრაინისთვის აშშ-ის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტში 800 მილიონი დოლარის ოდენობის კასეტური საბრძოლო მასალები შევა.
აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა CNN-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ამ რთული გადაწყვეტილების მიღებამდე მან კონსულტაციები გაიარა მოკავშირეებთან და იცის მათი პოზიცია, მაგრამ გადაწყვიტა ემოქმედა უკრაინის ინტერესებიდან გამომდინარე.
კასეტური საბრძოლო მასალები – საარტილერიო ჭურვები და საჰაერო ბომბებია, რომლებიც დიდი რაოდენობით მცირე ფეთქებად მასალებს ფანტავს. მათი დიდი პროცენტი მაშინვე არ ფეთქდება და ხალხისთვის საშიში რჩება მრავალი წლის შემდეგაც კი, როდესაც საომარი მოქმედებები შეიძლება უკვე დასრულებული იყოს.
მსოფლიოს ასზე მეტმა ქვეყანამ ხელი მოაწერა კონვენციას, რომელიც კრძალავს მის გამოყენებას, რადგან ის უქმნის მზარდ საფრთხეს მშვიდობიან მოსახლეობას. შეერთებულმა შტატებმა, რუსეთმა და უკრაინამ დოკუმენტს ხელი არ მოაწერეს.
კვირას ბაიდენი დიდ ბრიტანეთში ჩადის ნატოს სამიტის წინ, რომელიც ვილნიუსში 11-12 ივლისს გაიმართება. ამერიკის პრეზიდენტი აპირებს კასეტური საბრძოლო მასალის მიწოდების საკითხს განიხილოს ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ რიში სუნაკთან, რომელიც უკვე გამოვიდა თეთრი სახლის გეგმების წინააღმდეგ.
ახალი ზელანდიის პრემიერ მინისტრმა კრის ჰიპკინსმა კასეტურ იარაღს უწოდა “განურჩეველი, რომელსაც შეუძლია მასიური ზიანი მიაყენოს უდანაშაულო ადამიანებს”, როგორც ომის დროს, ასევე გრძელვადიან პერიოდში.
ესპანეთს ასევე მტკიცედ სწამს, რომ გარკვეული ტიპის იარაღი არ უნდა მიეწოდოს უკრაინას, განაცხადა თავდაცვის მინისტრმა მარგარიტა რობლესმა.
„არა კასეტურ საბრძოლო მასალას და დიახ უკრაინის ლეგიტიმურ დაცვას, რაც ჩვენი გაგებით არ უნდა განხორციელდეს ამ იარაღის დახმარებით“, – თქვა მან.
კანადის მთავრობის განცხადებით ის განსაკუთრებით შეშფოთებულია, რომ წლების შემდეგ ბავშვები შეიძლება დაზარალდნენ აუფეთქებელი საბრძოლო მასალისგან.
ოტავამ კიდევ ერთხელ დაადასტურა თავისი ერთგულება კასეტური საბრძოლო მასალის კონვენციის მიმართ. „ჩვენ სერიოზულად ვეკიდებით ჩვენს ვალდებულებებს და იგივეს ველით სხვებისგანაც“, – ნათქვამია ოფიციალურ განცხადებაში.
იმავდროულად, გერმანიამ, რომელმაც ასევე მოაწერა ხელი კონვენციას, განაცხადა, რომ მიუხედავად იმისა, რომ არ აპირებს უკრაინისთვის ასეთი იარაღის მიწოდებას, მას ესმის შეერთებული შტატების პოზიცია.
„დარწმუნებულნი ვართ, რომ ჩვენი ამერიკელი მეგობრები მთელი პასუხისმგებლობით მიუდგნენ თავიანთ გადაწყვეტილებას“- განაცხადეს მათ ბერლინში.
ვაშინგტონის გადაწყვეტილებას აკრიტიკებენ უფლებადამცველი ორგანიზაციებიც. Amnesty International აფრთხილებს ყველას, რომ უკრაინაში მშვიდობიანი მოსახლეობა ომის დასრულებიდან მრავალი წლის შემდეგ იგრძნობს კასეტური საბრძოლო მასალის ეფექტს.
კასეტური საბრძოლო მასალები უკვე გამოყვენებულ იქნა მიმდინარე კონფლიქტში ორივე მხარის, რუსეთისა და უკრაინის მიერ.
უკრაინის თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ირწმუნება, რომ სადაო იარაღის ამერიკული მიწოდება გამოყენებული იქნება მხოლოდ მტრის თავდაცვის ხაზების გასარღვევად, მაგრამ არა დასახლებულ პუნქტებთან ახლოს. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა მარია ზახაროვამ განაცხადა, რომ „კიევის დაპირებები უსარგებლოა“.
ბაიდენის მიერ ხელმოწერილი აღმასრულებელი ბრძანება გვერდს აუვლის კანონს, რომელიც კრძალავს ისეთი კასეტური საბრძოლო მასალის წარმოებას, გამოყენებას ან გადაცემას, რომელთა არაფეთქების მაჩვენებელი ერთ პროცენტზე მეტია.
ამავდროულად, აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველი ჯეიკ სალივანი ამტკიცებს, რომ ამერიკული კასეტური ბომბები ბევრად უფრო მცირე საფრთხეს წარმოადგენს, ვიდრე ის, რაც რუსეთმა უკვე გამოიყენა კონფლიქტში.
მისი თქმით, აუფეთქებელი ამერიკული ჭურვების რაოდენობა 2,5%-ზე ნაკლებია, ხოლო რუსული ჭურვების 30-40%.