აშშ-ის ყოფილი ელჩი საქართველოში, იან კელი და სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსანი, დევიდ კრამერი ერთობლივ წერილს ავრცელებენ საქართველოს შესახებ. მათი თქმით, ათწლეულების განმავლობაში საქართველო იყო რეგიონის ყველაზე პროდასავლური და პროამერიკული ქვეყანა, ხოლო მისი საგარეო-პოლიტიკური პრიორიტეტი ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანება იყო.
კრამერისა და კელის შეფასებით, საქართველოს მიერ მოპოვებულ პროგრესს მმართველი პარტია, ქართული ოცნება ემუქრება, რადაგან ის ძალაუფლების ხელში ჩაგდებით არის დაინტერესებული, ნაცვლად დასავლური მმართველობის სტანდარტების დაკმაყოფილებისა. მათი განცხადებით, “ოცნება” აძლიერებს კავშირებს რუსეთთან და ბელორუსთან.
ისინი წერილში იხსენებენ 2019 წელს რუსი დეპუტატის, სერგეი გავრილოვის ვიზიტსა და 20-21 ივნისის მოვლენებს.
„ამან დარტყმა მიაყენა ორ პროექტს, რომელიც გაზრდიდა საქართველოს დამოუკიდებლობას რუსეთისგან – ერთი შავი ზღვის ღრმაწყლოვანი პორტი და მეორე აღმოსავლეთ-დასავლეთის ახალი ბოჭკოვანი კაბელის დერეფანი“, – ვკითხულობთ წერილში.
ყოფილი მაღალჩინოსნების თქმით, ოცნების ხელისუფლების პირობებში ძალაუფლებისა და სიმდიდრის კონცენტრაცია ხდება მცირე ჯგუფის მიერ, იმ პირობებში, როდესაც ქვეყანაში პანდემია მძვინვარებს და აზიანებს ეკონომიკას.
ისინი ასევე საუბრობენ საქართველოში არსებულ პოლიტიკურ კრიზისზეც და ამბობენ, რომ „ქართული ოცნება“ ცდილობს ოპოზიციური ძალების მარგინალიზაციას, ძალაუფლების მონოპოლიზაციას და სასამართლო სისტემის კონტროლს.
კრამერის და კელის შეფასებით, კრიზისი უფრო გააღრმავა ნიკა მელიას და გიორგი რურუას დაპატიმრებამ.
მათი თქმით, 5 ივლისს 50–ზე მეტი ჟურნალისტის დაშავება გამოიწვია ძალადობის აღკვეთისა და დაგმობის უუნარობამ. ამ მხრივ, ისინი ღარიბაშვილის როლზეც ამახვილებენ ყურადღებას.
“ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ ღირსების მარში “მიუღებელია ქართული საზოგადოების დიდი ნაწილისთვის” და “ორგანიზებულია რევანშისტული ძალების მიერ, როგორიცაა რადიკალური ოპოზიცია”. მარშის ორგანიზატორები – რომლებიც, ფაქტობრივად, ძალადობის მსხვერპლნი იყვნენ – ღარიბაშვილის აზრით, იყვნენ „არაგონივრული“ და მიდიოდნენ „სამოქალაქო დაპირისპირების“ რისკზე. ჯერჯერობით თავდასხმებისა და ძალადობის ორგანიზატორები არ დაუკავებიათ”,– ვკითხულობ წერილში.
ისინი ეხმიანებიან სუს-სა და ბელარუსის KGB–ს შორის შეთანხმებასაც და ამბობენ, რომ ეს აძლიერებს შეშფოთებას ქართული ხელისუფლების დასავლური ორიენტაციისა და დემოკრატიული ღირებულებების ერთგულებასთან დაკავშირებით.
კელის და კრამერის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ გამოკითხვებით, საქართველოს მოსახლეობას უმეტესობას ევროინტეგრაცია სურს, „ქართული ოცნებამ” აირჩია მოსკოვის ერთპარტიული მმართველობა და დაშოშმინება.
“ეს ძირს უთხრის წლების განმავლობაში გაწეულ მძიმე შრომას ევროატლანტიკურ საზოგადოებასთან ინტეგრაციის მიმართულებით და ზოგიერთი ევროპელი უკან იხევს. ღარიბაშვილს მოუწია ბალტიის ქვეყნებში დაგეგმილი მოგზაურობის გაუქმება, რადგან იქ მყოფ ლიდერებს არ სურდათ მისი ვიზიტი ბოლოდროინდელი მოვლენების ფონზე”,– აღნიშნულია წერილში.
ბოლოს, იან კელისა და დევიდ კრამერის აზრით, აშშ-მა კონკრეტული ნაბიჯები უნდა გადადგას “ამგვარი დემოკრატიული უკუსვლის ფონზე” – კერძოდ, დაუწესოს სანქციები მმართველი პარტიის ხელმძღვანელობას.
„ბაიდენის ადმინისტრაციამ და კონგრესმა, რომლებმაც გამოხატეს ძლიერი ორპარტიული მხარდაჭერა საქართველოსთვის, უნდა მოუწოდონ „ქართულ ოცნებას“, დაუბრუნდეს ევროკავშირის შეთანხმების პირობების შესრულებას. მათ ასევე უნდა მოახდინონ ოქტომბრის ადგილობრივი არჩევნების საერთაშორისო მონიტორინგი.
თუ „ქართული ოცნება“ არ დაუბრუნდება შეთანხმებას, უარს იტყვის ბელორუსიის რეჟიმთან შეთანხმების გაუქმებაზე, ან ჩაერთვება საარჩევნოდ არაკეთილსინდისიერ საქმიანობაში, ბაიდენის ადმინისტრაციამ უნდა დაუწესოს მიზნობრივი სანქციები პარტია „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობას”, – წერია იან კელისა და დევიდ კრამერის ერთობლივ წერილში.