აშშ-ის ასიგნებების კომიტეტმა კანონი მიიღო, სადაც საქართველოსთვის შეერთებული შტატების დახმარებაზეა საუბარი. კანონში, რომელიც კონგრესმა დაამტკიცა და რომელსაც ხელი პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 27 დეკემბერს მოაწერა, ნათქვამია, რომ სახელმწიფო მდივანმა კონგრესის ასიგნებათა კომიტეტს ანგარიში უნდა წარუდგინოს საქართველოში “კანონის უზენაესობის და ინსტიტუტების ანგარიშვალდებულების” თაობაზე.
კანონის განმარტებით განცხადებაში დეტალურად არის საუბარი იმაზე, თუ რას უნდა მოიცავდეს სახელმწიფო მდივნის ანგარიში.
„საქართველო შეერთებული შტატების სტრატეგიული მოკავშირეა და ეს შეთანხმება [სენატსა და წარმომადგენელთა პალატას შორის] აგრძელებს ქართველი ხალხის დახმარებას დემოკრატიის გაძლიერების, მმართველობის და კანონის უზენაესობის კუთხით. (a)1 ქვეთავის მოთხოვნების შესაბამისად, არაუგვიანეს 90 დღის ამ აქტის ამოქმედებიდან, სახელმწიფო მდივანმა ასიგნებების კომიტეტს ანგარიში უნდა წარუდგინოს საქართველოს მთავრობის დეტალური ქმედებების შესახებ 2020 წლის 1 იანვრიდან (1) დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების, მათ შორის, უკანასკნელი არჩევნებით, (2) კორუფციასთან ბრძოლის და (3) კერძო სექტორში კანონის უზენაესობის და უცხოურ საინვესტიციო კლიმატის საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის შესახებ “, – ნათქვამია კანონის განმარტებაში.
კანონის თავდაპირველი ვარიანტი, სახელმწიფო მდივნის ანგარიშს, საქართველოსთვის გაწეული დახმარების 15 პროცენტის გამოყოფას უკავშირებდა.
კანონით, შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის, საგარეო ოპერაციების და მასთან დაკავშირებული პროგრამების ბიუჯეტიდან საქართველოსთვის 132,025,000 დოლარია გათვალისწინებული.
დოკუმენტი ასევე საუბრობს რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს ტერიტორიებზე – ცხინვალის რეგიონსა და აფხაზეთზე. აქტი აცხადებს, რომ შეერთებული შტატები კრძალავს დახმარების გამოყოფას იმ ქვეყნების ცენტრალური მთავრობებისთვის, რომლებიც რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობას აღიარებს ან მათთან დიპლომატიური კავშირები აქვს.
წყარო: ამერიკის ხმა