აშშ–ს წარმომადგენლობითი პალატის წევრები საქართველოს ყოფილი პრემიერ–მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების დაწესების მოწოდებით გამოდიან. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა The hill აქვეყნებს.
ჰელსინკის კომისიის ლიდერების ორპარტიულმა შემადგენლობამ ბაიდენის ადმინისტრაციას მოუწოდა სანქციები დაუწესოს მილიარდერ ბიძინა ივანიშვილს, რომელსაც კრიტიკოსები საქართველოს ევროპისგან დაშორებაში და ავტორიტარული მმართველობის გაღრმავებაში ადანაშაულებენ.
სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენისთვის გაგზავნილ წერილში დამოუკიდებელი კომიის წევრებმა როგორც დემოკრატიული, ისე რესპუბლიკური პარტიდან, მოუწოდეს მას ფინანსური სანქციები დაუწესონ ივანიშვილს და მის უახლოეს გარემოცვას, რათა “აღმოფხვრან საქართველოში კორუფციის მთავარი კვანძები და დამღუპველი გავლვენა ქვეყანაში.“
წერილის მთავარი ხელმომწერები არიან რესპუბლიკელი სამხრეთ კაროლინიდან ჯო უილსონი, კომიტეტის თავმჯდომარე, დემოკრატი ტენესის შტატიდან სტივ კოენი, ასევე კომისიონერები რიჩარდ ჰადსონი– რესპუბლიკელი ჩრდილოეთ კაროლინიდან და დემოკრატი მარკ ვეისი ტეხასდან.
გამოცემა The hill წერს, რომ ქართული ოცნების დამფუძნებელი, მართალია ოფიციალურად ხელისუფლებაში სულ 1 წელი იყო, მაგრამ ითვლება, რომ ის მნიშვნელოვან გავლენას ახდენს პარტიის პლატფორმაზე. მისი ქონება 7 მილიარდ დოლარს აღწევს. მან ქონება პოსტსაბჭოთა რუსეთში მეტალურგიის და საბანკო ბიზნესებით დააგროვა. ამბობენ, რომ მან რუსული აქტივები საქართველოს პრემიერ–მინისტრის პოსტის დაკავებამდე გაყიდა, მაგრამ ზოგიერთი არასამთავრობო ჯგუფი გამოთქვამს შეშფოთებას, რომ რუსეთთან მისი კავშირები კვლაავ გრძელდება, მისი პარტია, ქართული ოცნება კი კრიტიკის სამიზნე ხდება კრემლთან მეგობრული კავშირების გამო, რაც აზიანებს ევროპასთან კავშირებს.
გამოცემა იხსენებს ივანიშვილის აპრილის საჯარო გამოსვლას, რომელშიც მან დასავლური გლობალური ომის პარტია საქართველოს საქმეებში ჩარევაში დაადანაშაულა.“ ეს არის კამპანიის ნაწილი, რომელსაც ქართული ოცნების მაღალი თანამდებობის პირები აწარმოებენ. ისინი აკრიტიკებენ ევროპას და შეერთებულ შტატებს, რომლებსაც თითქოსდა საქართველოს რუსეთთან ომში ჩართვა უნდათ უკრაინის მხარდასაჭერად.“
გამოცემა ხაზს უსვამს, რომ ორპარტიული წერილი იმ ფონზე გამოჩნდა, როცა კონგრესში მიმდინარეობს კანონპროექტის განხილვა საქართველოს მთავრობის ჩინოვნიკებისთვის სანქციების დაწესების შესახებ, რომლებიც ძირს უთხრაინ დემოკრატიულ პროცესებს, საქართველოს უსაფრთხოებას და არღვევენ ადამიანის უფლებებს.
კანონპროექტს ქვია “მეგობარი აქტი“ და ის უკე მიიღო წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტმა ამ თვის დასაწყისში ორპარტიული მხარდაჭერით. თუმცა, გასულ კვირას წარმომადგენელთა პალატას არდადეგები დაეწყო, რის გამოც ნებისმიერი საკანონმდებლო საქმიანობა გაყინულია. ის მუშაობას სექტემბერში განაახლებს.
“ჩვენ ვთვლით, რომ ეს ქმედებები მნიშვნელოვანწილად შეავსებს ჩვენს კანონპროექტს, მობილიზაციას გაუკეთებს და გააფართოებს საქართველოს შესაძლებლობებს ანგარიშვალდებულების, გამძლეობის და დამოუკიდებლობის თვალსაზრისით. “– წერენ კანონმდებლები სანქციებთან დაკავშირებით.
“ეს კანონმდებლობა გაამყარებს დემოკრატიულ პრაქტიკას, ადამიანის უფლებებს და კანონის უზენაესობას საქართველოში, ასევე დაადასტურებს შეერთებული შტატების ერთგულებას საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდაჭერისადმი და ავტორიტარული რეჟიმების, განსაკუთრებით რუსეთის გავლენისადმი წინააღმდეგობას.“–თვლიან ამერიკელი კანონმდებლები.
The hill ასეევ იხსენებს, რომ ბაიდენის ადმინისტრაციამ უკვე დაიწყო სანქციების გამოყენება ზოგიერით ქართველი მაღალჩინოსნის მიმართ მაისში, მას შემდეგ, რაც ქვეყანამ უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონი მიიღო. “საქართველოს მთავრობა ამტკიცებს, რომ კანონპროექტი ზრდის არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსების წყაროების გამჭვირვალობას. თუმცა, კრიტიკოსები ამბობენ, რომ ის ოპოზიციის, დამოუკიდებელი მედიის და სამოქალაქო საზოგადოების ჯგუფების ჩახშობას და კრიმინალიზაციას ემსახურება“
უცხოური გავლენის კანონის ოპონენტებმა განაცხადეს, რომ ის პირდაპირ ასახავს 2012 წელს მიღებულ რუსეთის კანონმდებლობას, რომელმაც გაანადგურა თავისუფალი პრესა, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები და პოლიტიკური ოპოზიცია. კანონის კრიტიკოსები გვაფრთხილებენ, რომ მისი განხორციელება, რომელიც სექტემბერშია დაგეგმილი, საშუალებას მისცემს ხელისუფლებას გაანადგუროს პოლიტიკური ოპოზიცია ოქტომბრის არჩევნების წინ.
ბაიდენის ადმინისტრაციამ გამოიყენა უფლებამოსილება დაწესდეს სავიზო შეზღუდვები საქართველოში იმ პირებზე და მათი ოჯახის წევრებზე, რომლებიც მიიჩნევა, რომ „პასუხისმგებელნი ან თანამონაწილეები არიან საქართველოში დემოკრატიის ძირის გამოთხრაში.
თუმცა, დეპუტატთა ორპარტიულმა ჯგუფმა თქვა, რომ „ადგილზე მომხდარი მოვლენების ტემპი და სიმძიმე გვეუბნება, რომ მეტი ქმედებაა საჭირო საქართველოს ხალხის დასაცავად“.
„ნათელი უნდა იყოს, რომ კორუფციისა და ბოროტი გავლენის ძირითადი აგენტები ანტიდასავლური ელემენტებით საქართველოში თავისუფლად ვერ იმოქმედებენ ქართველი ხალხის წინააღმდეგ და ვერ შეუტევენ მათ დემოკრატიულ მისწრაფებებს “ – წერენ დეპუტატები.
კანონმდებლებმა ასევე მოუწოდეს ბაიდენის ადმინისტრაციას, გაანადგუროს “თაღლითური” ქოლ-ცენტრები მთელს მსოფლიოში, რომლებიც, მათი თქმით, არის “ბნელი ფულის წყარო, რომელიც მხარს უჭერს ქართული ოცნების ფართო და მავნე მფარველობის სისტემას…”
„ჩვენ გვჯერა, რომ აუცილებელია სახელმწიფო დეპარტამენტმა, აშშ-ს და მეგობარ უცხოურ სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობით, განახორციელოს სწრაფი, დაუყოვნებელი და სისტემატური ქმედებები ამ ქოლ-ცენტრების ქსელებისა და სხვა მსგავსი ძალისხმევის წინააღმდეგ საერთაშორისო მასშტაბით, რათა გაანადგუროს ან ჩაშალოს მათი ოპერაციები. “ –წერენ კანონმდებლები.