აშშ-ს ხელისუფლების აზრით პრიგოჟინის თვითმფრინავი სავარაუდოდ მიწა–ხმელეთის კლასის რაკეტით ჩამოაგდეს-REUTERS

ვინ მოკლა კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერის ლიდერი, რომელიც უკრაინასთან ომში რუსეთისთვის მნიშვნელოვანი ძალა იყო, ორი თვის წინ კი ხელისუფლების წინააღმდეგ გაილაშქრა და მოსკოვისკენ მსვლელობა მოაწყო. ვაგნერის არ შემდგარი ამბოხის გამო, რომელიც საბოლოოდ ხელისუფლებასთან მოლაპარაკებით დასრულდა, ექსპერტების და მედიის უდიდესი ნაწილი პრიგოჟინის მკვლელობაში მთავარ ეჭვმიტანილად პრეზიდენტ პუტინს ასახელებს.

ისევე, როგორც ბევრი ექსპერტი, გამომძიებელი ჟურნალისტი, ხრისტო გროზევი პრიგოჟინის ამბოხების შემდეგ ამბობდა, რომ მას პუტინი მალე მოკლავდა. დღეს ხრისტო გროზევი ამბობს, რომ პრიგოჟინის სიკვდილთან დაკავშირებით არსებობს 2 ჰიპოთეზა – მკვლელობა, ან ინსცენირება:

“ეს ან რეალური შურისძიებაა, რომელზეც ისედაც ვამბობდი საჯაროდ, რომ აუცილებლად მოხდებოდა ამ წლის ბოლომდე. სხვაგვარად პუტინი მკაცრი მმართველის რეპუტაციას  ვერ შეინარჩუნებდა, მას შემდეგ, რაც პრიგოჟინს მოღალატე უწოდა, ან ეს არის თავად პრიგოჟინის ინსცენირება. ამ ვერსიას  ალბათობის დაახლოებით 40%–ს ვუტოვებ, იმიტომ რომ ეს მისი სტილია. ის, რომ თვითმფრინავზე იყო მგზავრი მისი სახელით და გვარით, სრულად ვერ აბათილებს ამ ვერსიას, რადგან ჩვენ ნანახი გვაქვს პრიგოჟინის ორეულების დოკუმენტები, რომლებსაც ის უბრძანებდა სახელი და გვარი შეეცვალათ და მის სახელზე და გვარზე გადასულიყვნენ. ამიტომ, შესაძლოა ეს რომელიმე მათგანი იყო. ჩემი წყაროები ვაგნერის დაჯგუფებიდან მეუბნებიან, რომ ერთადერთი, რაშიც დანამდვილებით არიან ამ ეტაპზე დარწმუნებულები, არის ის, რომ ბორტზე ნამდვილად იყო დიმიტრი უტკინი. რეალური უტკინი:. პრიგოჟინზე ჯერ თვითონაც ეჭვი ეპარებათ.

სრულიად დასაშვებია, რომ ეს იყო დაგეგმილი მკვლელობა მაგრამ პრიგოჟინმა ამის შესახებ გაიგო და ისე მოაწყო, რომ როსავიაციის სიაში მისი გვარი მართლაც ყოფილიყო, ფიზიკურად კი თვითონ იქ არ იყო. არ გამოვრიცხავ არცერთ ვერსიას, თუმცა ყველაზე სარწმუნო ვერსიაა, რომ ეს იყო პუტინის ბრძანებით განხორციელებული მკვლელობა ადამიანისა, რომელმაც ის დაამცირა.

პრიგოჟინის სიკვდილს ადასტურებს ამერიკული გამოცემა ნიუ იორკ თაიმსი დასავლური დაზვერვის მაღალჩინოსან წყაროზე დაყრდნობით.

გამოცემის თანამოსაუბრე ამბობს, რომ ეს არასაჯარო შეფასება მისი მთავრობის მიერ ბევრ ინდიკატორზე დაყრდნობით გაკეთდა, რომლებიც მისმა მთავრობამ გააანალიზა. რომელი ქვეყნის მთავრობაზეა საუბარი, გამოცემა არ აკონკრეტებს.

დასავლური მედიის ნაწილი სამხედრო წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ პრიგოჟინის სიკვდილი დიდი ალბათობით ეფესბეს მოწყობილია. ისინი უფრო სარწმუნო ვერსიად თვლიან იმას, რომ პრიგოჟინის თვითმფრინავის აფეთქება უსაფრთხოების ფედერალურმა სამსახურმა მოაწყო, რომელიც სრულიად ლოიალურია პუტინის მიმართ, ამავე დროს მათ ექვემდებარება სასაზღვრო სამსახური.

მედიის წყაროების აზრით, ამ აქციის მიზანი დიდი ალბათობით თავდაცვის მინისტრ შოიგუს და გენშტაბის უფროსის, ვალერი გერაასიმოვის პოზიციების გაძლიერება იყო, და ეს მიზანი ახლო პერსპექტივაში მიზღწეულ იქნა.

მოგვიანებით სააგენტო როიტერმა ამერიკელ მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით ანონიმურობის პირობით დაწერა, რომ ამერიკის ხელისუფლების აზრით პრიგოჟინის თვითმფრინავი სავარაუდოდ მიწა–ხმელეთის კლასის რაკეტით ჩამოაგდეს, რომელიც რუსეთის ტერიტორიიდან იქნა გაშვებული. ჩინოვნიკები ამბობენ, რომ ინფორმაცია ჯერჯერობით წინასწარია და მისი შემოწმება მიმდინარეობს.