აშშ–ს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის მიერ 12 მარტს გამოქვეყნებული მონაცემებით ქვეყანაში Covid19-ის ვაქცინის 101 მილიონ დოზაზე მეტი გაკეთდა. პირველი ვაქცინა ქვეყანაში 2020 წლის 14 დეკემბერს გაკეთდა. მას შემდეგ ყოველდღიურად ვაქცინირებულთა რაოდენობა ნელა იზრდებოდა, ბოლოს კვირებში კი მნიშვნელოვნად დაჩქარდა. გუშინ აშშ–მ ერთ დღეში 2.9 მილიონი დოზა ვაქცინის გაკეთება მოახერხა, რითაც ახალი დღიური რეკორდი დაამყარა.
ამჟამად აშშ–ში სრულად ვაქცინირებულია დაახლოებით 35 მილიონი ადამიანი. დაახლოებით 66–მა მილიონმა ადამიანმა კი ვაქცინის მინიმუმ ერთი დოზა მიიღო.
შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 50-ივე შტატისა და ტერიტორიის მმართველებს მიმართა და მოუწოდა, მაისის დასაწყისისთვის კოვიდ-19-ის ვაქცინა ყველა ზრდასრულისთვის ხელმისაწვდომი იყოს.“
„ეს იმაზე ადრე იქნება, ვიდრე მოსალოდნელი იყო“ – განაცხადა პრეზიდენტმა ერისადმი პირველი ოფიციალური მიმართვისას. „ეს არ ნიშნავს, რომ რომ ყველა დაუყოვნებლივ აიცრება. ეს ნიშნავს, რომ პირველი მაისიდან თქვენ გექნებათ შესაძლებლობა ვაქცინაციის სიაში მოხვდეთ“ – განმარტა პრეზიდენტმა.
როგორც პრეზიდენტის მიმართვამდე ოფიციალურმა პირებმა ჟურნალისტებს განუცხადეს, მაისის ბოლოსთვის ქვეყანა ელოდება, რომ ყველა ზრდასრულისთვის ხელმისაწვდომი ვაქცინის მარაგი ექნება.
პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლამდე, მისი პრეზიდენტობის 50-ე დღეს, ბაიდენის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ ვაქცინაციის ძალისხმევაში დამატებით 4 000-ზე მეტი სამხედრო პირი ჩაერთო. ამით, მათი რიცხვი უკვე 6 000-ს აჭარბებს.
ოფიციალური პირების განცხადებით, იმუნიზაციის ჩატარების ავტორიზაცია ასევე მიენიჭებათ სტომატოლოგებს, სასწრაფო დახმარების თანამშრომლებს, ვეტერინარებს, სამედიცინო და ჯანდაცვის ფაკულტეტის სტუდენტებს.
პრეზიდენტმა ბაიდენმა, სიტყვით გამოსვლისას წინამორბედის მიერ, პანდემიასთან დაკავშირებით გადადგმნული ნაბიჯები გააკრიტიკა.
„ერთი წლის წინ, ამ ვირუსს დახვდა სიჩუმე, უარყოფა დღეების, კვირების და თვეების განმავლობაში. ამან მეტი სიკვდილი მოიტანა, მეტი ინფიცირება, მეტი სტრესი და მარტოობა“ – განაცხადა ბაიდენმა.
მიუხედავად იმისა, რომ ათასობით სკოლა, საკლასო სწავლებისთვის კვლავ დახურულია და მილიონობით ადამიანი კვლავ უმუშევარია, არის ნიშნები ნორმალურ ცხოვრებასთან დაბრუნების.
ზოგიერთი შტატის ხელისუფლება შეზღუდვებს ამსუბუქებს, მიუხედავად იმისა, რომ ჯანდაცვის ექსპერტები შიშობენ, შეზღუდვების სწრაფად შემსუბუქებამ, შესაძლოა ინფიცირების მაჩვენებლის გაზრდა გამოიწვიოს. ამიტომ, პრეზიდენტი აცხადებს, რომ თუ მოსახლეობა სიფხიზლეს არ შეინარჩუნებს, შესაძლოა კვლავ მკაცრი შეზღუდვები დაბრუნდეს.
აშშ–ს მოსახლეობა 332 მილიონია. კორონავირუსით ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობით ქვეყანა მსოფლიოში პირველ ადგილზეა. აშშ–ში კორნავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობაა 29 979 916 . გარდაიცვალა 545 131 ადამიანი.