აცრა კრიზისის წინააღმდეგ: გადაარჩენს თუ არა Covid–ვაქცინები მსოფლიო ეკონომიკას

ერთდროულად რამდენიმე ვაქცინის გამოჩენამ კორონავირუსით დაზარალებული ქვეყნები გამოაცოცხლა და იმედი გაუჩინა. აცრებმა ახლო მომავალში მრავალთვიანი ლოქდაუნებით გატანჯული ადამიანების ნორმალურ ცხოვრებასთან დაბრუნების იმედი გააჩინა. თუმცა, გადაარჩენს თუ არა ვაქცინები მსოფლიო ეკონომიკას ასწლეულის ყველაზე დიდი კრიზისისგან?

მაშტაბურმა კრიზისმა მსოფლიოში სიმდიდრის ზრდის მრავალწლიანი პროცესი შეაჩერა, ქვეყნების უმრავლესობა რამდენიმე წლით უკან დააბრუნა და გადასახადის გადამხდელებს უკვე დაუჯდა 12 ტრილიონი დოლარი. ანტიკრიზისული ზომებისთვის ფულის ხარჯვა სახელმწიფოებს მომავალშიც მოუწევთ, მიუხედავად იმისა,  რომ შემოსავლები მცირდება: მსოფლიო ჯამში შემდომი ხუთი წლის განმავლობაში 28 ტრილიონ დოლარს დაკარგავს – ასეთია საერთაშორისო სავალუტო ფონდის გათვლა.

ცხოვრებისა და განვითარებისთვის სულ უფრო ნაკლები ფული რჩება, ვალები კი იზრდება. 2020 წლის ბოლომდე ვალი კიდევ 20 ტრილიონ დოლარამდე გაიზრდება და მსოფლიო ეკონომიკის წლიურ მოცულობას სამნახევარჯერ გადააჭარბებს.

ვინაიდან ამ კრიზისის ერთადერთი მიზეზი კორონავირუსია, სიახლემ რამდენიმე ეფექტური ვაქცინის შესახებ ფინანსურ ბაზრებზე დიდი სიხარული გამოიწვია. მათ ვისაც ფული აქვთ, ფსონი ბიზნესისა და მოსახლეობის შემოსავლების მომავალ ზრდაზე დადეს. ცოტა უფრო თავშეკავებული რეაქცია ჰქონდათ ეკონომისტებს, ჩინოვნიკებს და ცენტრალური ბანკების ხელმძღვანელებს –მათ, ვინც ფინანსურ სტაბილურობაზე არის პასუხისმგებელი და ანტიკრიზისულ დახმარებას გამოყოფს.

ამერიკის ცენტრობანკის ხელმძღვანელი, ჯერომ პაუელი, რომელიც მსოფლიოში ყველაზე გავლენიანი და ფრთხილი ბანკირია და რომლის ერთ სიტყვას შეუძლია მსოფლიო ბაზრები ჩამოანგრიოს, ვაქცინას “კარგ და დიდი ხნის ნანატრ ახალ ამბავს უწოდებს“, თუმცა იქვე დასძენს, რომ ის ეკონომიკაზე გავლენას არა უახლოეს მომავალში, არამედ საშუალოვადიან პერსპექტივაში მოახდენს.  თავშეკავებულ ოპტიმიზმს გამოხატავენ მისი ევროპელი კოლეგებიც.

ბანკირებს ეთანხმება საერთაშორისო სავალუტო ფონდის ხელმძღვანელი. კრისტალინა გეორგიევა ამბობს, რომ პრობლემის სამედიცინო მოგვარების იმედი გაჩნდა, მაგრამ ეკონომიკის აღდგენის გზა კვლავ რთული და ჩავარდნებით სავსე იქნება.

გამოდის რომ ვაქცინა მსოფლიო ეკონომიკას კრიზისიდან ვერ გამოიყვანს, სანამ მასობრივი ვაქცინაცია არ დაიწყება? ეკონომისტების ნაწილი ამბობს, რომ ასე სულაც არ არის.

“კარგი სიახლეა ის, რომ რამდენიმე ვაქცინა მალე დამტკიცდება. ეს გვირაბის ბოლოს სინათლეა“– ამბობს ევროპის ცენტრობანკის ერთ–ერთი ხელმძღვანელი ფაბიო პანეტა.

ამერიკელი ეკონომისტი ჯეიმს ბალარდი იგივე გამოთქმას იყენებს:

“გვირაბის ბოლოს სინათლე გამოჩნდა. კრიზისიდან გამოსავალი გამოჩნდა. ახლა მთავარია სიტუაციის ძალიან რეალისტური შეფასება.“

ოპტიმიზმის საფუძველს იძლევა ის ფაქტიც, რომ ვაქცინა დადებითად მოქმედებს ეკონომიკაზე იქამდე ბევრად ადრეც კი, სანამ კრიზისის მიზეზს – პანდემიას აღმოფხვრის. ამის მიზეზი შემდეგია:

საქმიანო აქტივობის დაქვეითების მიზეზი ის გახდა, რომ ადამიანებმა მომავლის რწმენა დაკარგეს, რის გამოც ფულს ნაკლებად ხარჯავენ, ხელისუფლებას კი ვირუსის უკონტროლო გავრცელების ეშინია, რაც მათ აიძულებს ლოკდაუნი შემოიღონ. ვაქცინის არსებობა ამ ორ საფრთხეს ამცირებს ჯერ კიდევ მანამ, სანამ ვაქცინაცია რეალურად დაიწყება.

ვაქცინის არსებობა ადამიანებს და ბიზნესს იმედს უჩენს, რომ ახალი ლოქდაუნი აღარ იქნება. ისინი კარანტინის დროს დაზოგილი და შავი დღისთვის გადადებული ფულის ხარჯვას იწყებენ, რაც მოხმარებას ზრდის. კვლავ იწყება ინვესტირება მომავალში – აფართოებენ ბიზნესს, ყიდულობენ უძრავ ქონებას.

მოხმარება და ინვესტიციები – ეკონომიკური ზრდის ორი მთავარი კომპონენტია. სწორედ ისინი დაზარალდა კრიზისის დროს ყველაზე მეტად. ორი დანარჩენი – ვაჭრობა და წარმოება ისე ძლიერ არ შემცირებულა, ზაფხულიდან კი სწრაფი აღდგენა დაიწყო.

სავალუტო ფონდის გათვლებით ვაქცინა მსოფლიოს მიმდინარე კრიზისის ზარალის 9 ტრილიონი დოლარით შემცირების საშუალებას მისცემს 5 წლიან პერსპექტივაში.

თუმცა სინათლისკენ მიმავალ გზაზე მსოფლიო ეკონომიკას ამ ზამთარს კიდევ ერთხელ მოუწევს წაბორძიკება ბნელ გვირაბში– გვაფრთხილებენ პესიმისტები. ამის მიზეზი ევროპაში მეორე ლოქდაუნი და აშშ–ში პანდემიის უმართავი მეორე ტალღაა.

ეპიდემიოლოგების რჩევებმა ვერ შეაჩერა ამერიკელები– მადლიერების დღის წინ გზები ტრადიციულად გადატვირთული იყო. ბევრი ამერიკელი სტუმრობდა ამ დღეს ახლობლებს

ამერიკასა და ევროკავშირზე მსოფლიო სიმდიდრის მესამედზე მეტი მოდის. ისინი პლანეტაზე გადახდისუნარიანი მოთხოვნისა და ინვესტიციების მთავარი წყაროები არიან. ამიტომაც, მათ კეთილდღეობაზე არის დამოკიდებული მსოფლიო ეკონომიკის სიჯანსაღე. მათ გარეშე პანდემიის დამმარცხებელი ქვეყნები, პირველ რიგში კი ჩინეთი ვერ შეძლებენ დანაკარგების სრულად აღდგენას, მიუხედავად იმისა, რომ ზრდის ტენდენციას უკვე წელს დაუბრუნდნენ.

მოკლედ, აღდგენის გზაზე შემდგარი ეკონომიკები რეციდივებს და პერიოდულ რეცესიებს გვერდს ვერ აუვლიან, სანამ პერიოდული ლოქდაუნები არსებობს და სანამ გართობისა და ტურიზმის ინდუსტრია საბოლოოდ არ აღდგება. ეს კი შეუძლებელია, სანამ ხალხმრავალი შეკრებების შიში იარსებებს.

ევროზონაში ჩატარებულმა მოსახლეობის და ბიზნესის ბოლო გამოკითხვამ აჩვენა, რომ ევროპაში მალე ვერ მოხდება სამომხმარებლო მოთხოვნის აღდგენა, რომელიც განვითარებული ეკონომიკების მთავარი მამოძრავებელი ძალაა.  მთავარი პრობლემა ის არის, რომ მომხმარებელს მომავლის რწმენა ჯერ არ დაბრუნებია.   ვაქცინის გამოჩენის მიუხედავად ამაზე ეკონომიკური კრიზისის შედეგი – უმუშევრობა მოქმედებს.

მიუხედავად იმისა, რომ ევროპის ეკონომიკა ამერიკულზე ნაკლებად არ დაზარალებულა, უმუშევრობის აფეთქება ევროპაში ნაკლები იყო.

ევროკავშირის ქვეყნებმა ხელოვნურად, სახელმწიფო სუბსიდიებით  შეინარჩუნეს დასაქმება  და ბიზნესი. ბევრი ხვდება, რომ როგორც კი ლოქდაუნები მორჩება და ეს სახელმწიფო პროგრამები დასრულდება, სახელმწიფო მხარდაჭერის გარეშე კი ყველა ვერ გადარჩება.

ეს მოლოდინებზე და განწყობებზე მნიშვნელოვნად მოქმედებს – ყველა ხვდება, რომ უმუშევრობის ახალი ტალღა მოსალოდნელია.

ეს ყველაფერი ეკონომისტების შიშებს ადასტურებს: კორონავირუსის მეორე ტალღამ ეკონომიკური კრიზისის მეორე ტალღა გამოიწვია.

თუმცა არის კარგი ამბებიც: მეორე შოკი პირველ, საგაზაფხულო შოკზე ბევრად სუსტი იქნება იმის წყალობით, რომ ბევრმა სფერომ პანდემიის პირობებში არსებობა ისწავლა.

პირველ რიგში ეს ეხება წარმოებას. ქარხნები მთელი ძალით მუშაობენ და ის ქვეყნები, სადაც წარმოება მნიშვნელოვან როლს იკავებს, იმათზე სწრაფად გამოვლენ კრიზისიდან, ვიდრე ისინი, ვინც მომსახურების სფეროზეა ორიენტირებული.

შოკი არა მხოლოდ უფრო სუსტი, არამედ უფრო ხანმოკლეც იქნება. ევროპაში დაინფიცირების მაჩვენებელი იკლებს. ლოქდაუნი კი თითქმის უკვე ყველგან მოსხნეს.

როგორც კი კორონაკრიზისის მეორე ტალღა ჩაცხრება, მსოფლიოში სიმდიდრის ზრდის ძველი ტემპების აღდგენა პირდაპირ იქნება დამოკიდებული იმაზე, ეყოფა თუ არა დასავლეთს ფული პანდემიის დასრულებამდე ეკონომიკის ხელოვნურ სუნთქვაზე შესანარჩუნებლად.

კრიზისის პირველი ტალღის დროს მდიდარმა ქვეყნებმა იმდენად მძლავრი მხარდაჭერა აღმოუჩინეს ბიზნესს და მოსახლეობას, რომ ეკონომიკის 10%–იანი ვარდნის მიუხედავად მოსახლეობის შემოსავლები არათუ არ შემცირდა, არამედ 5%–ზე მეტად გაიზარდა.

კრიზისიდან სწრაფი გამოსვლა ხელისუფლების მზაობაზე იქნება დამოკიდებული, ეს მხარდაჭერა გააგრძელოს გადასახადის გადამხდელთა ფულით და ვალით, რადგან ყველაზე ოპტიმისტური პროგნოზებითაც კი მასობრივ ვაქცინაციას დიდი დრო დაჭირდება, კიდევ უფრო მეტი დრო დაჭირდება, რათა მოსახლეობამ დაიჯეროს, რომ ყველაფერი ცუდი უკან დარჩა. ეს კი ექსპერტების აზრით კიდევ ერთი წელი არ მოხდება.