ბადრი ჯაფარიძეს მუქარის წერილი გახარიამ თავის კაბინეტში გადასცა – ხაზარაძე

ლელოს ერთ-ერთი ლიდერის, მამუკა ხაზარაძის განცხადებით, ყოფილმა პრემიერმა გიორგი გახარიამ ბადრი ჯაფარიძეს მუქარის წერილი თავის კაბინეტში გადასცა.

“ვინც კი იცნობს ბადრი ჯაფარიძეს, უბრალოდ შორიდან მაინც, სიტყვა ტყუილი და ბადრი ჯაფარიძე არის აბსოლუტურად აცდენილი ერთმანეთთან. ბადრი ჯაფარიძე ამბობდა, რომ მე არ ვარ შუამავალი, წერილი გადმომცა მე და მამუკას. როგორ შეიძლება ბადრი ჯაფარიძე იყოს შუამავალი, როცა ისეთივე თანამფლობელია და ისევე მართავდა იმ ჩვენს კომპანიებს, როგორც მე?

როგორ შეიძლება ბადრი ყოფილიყო შუამავალი, უბრალოდ ბადრის გადასცა მან ეს წერილი, გადასცა მის კაბინეტში და ახლა მე კიდევ ერთხელ მივმართავ პროკურატურას, გომელაურს მივმართავ იმიტომ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროში შესვლა-გამოსვლა არის ფიქსირებული, ამოიღონ ნოემბრის შესვლა-გამოსვლა და ეს საქმე განახლდეს. თუ არ განახლდება, ჩვენ საქმე გვექნება სახელმწიფოებრივ დანაშაულთან, რომელიც აფარებს დანაშაულს ხელს, სისტემურ დანაშაულთან”,– თქვა ხაზარაძემ TV პირველის ეთერში.

მამუკა ხაზარაძემ 2019 წელს თქვა, რომ 4 მარტს პარლამენტში შს მინისტრისგან, გიორგი გახარიასგან წერილი მიიღო, რომელშიც ის თიბისი ბანკის რეპუტაციული დაზიანებით ემუქრებოდა. ჯაფარიძეც ირწმუნება, რომ წერილი მას უშუალოდ გახარიამ გადასცა.