ენმ-ის თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა 8 პარტიას მიმართავს, რომ თამარ ჩერგოლეიშვილთან ურთიერთობა დაასრულონ. მიზეზად ბოკუჩავა იმ კომენტარებს ასახელებს, რომლებიც ფედერალისტების ლიდერმა ერთერთი მედიის FB-გვერდზე შეურაცხმყოფელი კომენტარების ავტორების პასუხად, მათივე პროფილიდან აღებული ბავშვების ფოტოების გამოყენებით დაწერა. .
“მტკიცედ მწამს, ბოროტებას ბოროტებით ვერ დაამარცხებ, სიძულვილს სიძულვილით, ამორალობას ამორალობით. ივანიშვილის გახრწნილ რუსულ რეჟიმთან ბრძოლაში, მას თუ დავემსგავსეთ სიძულვილში, ამორალობაში, ბოროტებაში, აუცილებლად დავმარცხდებით.
მე არ მჯერა პოლიტიკის ეთიკური ნორმების გარეშე, არც გამარჯვების მჯერა, რომელიც დაცლილია მორალისგან. მიზანი არ და ვერ ამართლებს საშუალებას, განსაკუთრებით, როდესაც ეს ეხება ბავშვებს, მათ კეთილდღეობას, მათ უსაფრთხოებას, მათ ბედნიერებას.
ბავშვების მაწყევარ და მაგინებელ პოლიტიკურ ფიგურასთან მე პირადად არასოდეს არაფერი მექნება საერთო.
მივმართავ რვა პარტიის ფორმატში მყოფ ყველა სხვა პარტიას, რომლებიც გავერთიანდით 4 ოქტომბრის რუსული სპეცოპერაციის წინააღმდეგ, ერთობლივად მივიღოთ ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება ამ მოცემულობაში ამ განცხადების ავტორის რვიანთან ურთიერთობის დასრულების შესახებ” – წერს ბოკუჩავა.
 
                
 
		













