ტელეკომპანია ფორმულას სერიალ “ჩემი ცოლის დაქალების” დღის ეთერში გაშვების გამო კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიაში უჩივლეს. საჩივრის ავტორს, გიორგი ყიფიანს საფუძვლად მოჰყავს ახლადამოქმედებული “ბავშვის უფლებათა კოდექსი” და ამტკიცებს, რომ “ჩცდ-ს თითქმის ყველა სერია შეიცავს შეურაცმყოფელ ლექსიკასა და გინებას”.
ფორმულას გენერალური დირექტორი, ზუკა გუმბარიძე ამბობს, რომ ამ კანონის სრულად ამოქმედებით მედიის ცენზურა დაიწყება და შესაძლოა, ჩცდ-ს შემდეგ სხვა კონტენტიც შეზღუდონ.
“ერთის მხრივ, ეს წარმოადგენს პრობლემას შინაარსის მიმართულებით, იმიტომ რომ ესაა მაუწყებლის კონტენტში ჩარევის მცდელობა, მეორეს მხრივ ამას გარკვეული ფინანსური ზეწოლაც მოყვება”, – ამბობს ზუკა გუმბარიძე.
საჩივარში, ფორმულას გარდა მოხსენიებულია ტელეკომპანია “მარაო” და GDS, რომლებიც, საჩივრის ავტორის თქმითვე, ასევე არღვევენ კანონს. იგი წერს, რომ “მარაოზე” დღის 10 საათზე აჩვენეს ფილმები, სადაც ძალადობისა და ნარკოტიკის მოხმარების სცენებია ასახული, ხოლო GDS-ზე 19 ნოემბერს აჩვენეს ფილმი “მამაცი გული”, “რომელსაც მინიჭებული აქვს 17 წლამდე კატეგორია”.
მომჩივანი მოითხოვს, შეწყდეს “არასრულწლოვანთათვის შეუფერებელი” ფილმების ჩვენება და ტელეარხები დაჯარიმდნენ. ფორმულას ინფორმაციით, მარეგულირებელ კომისიაში საჩივარს ხვალ, 31 დეკემბერს განიხილავენ.
ბავშვთა კოდექსით, რომელიც პირველი სექტემბრიდან ამოქმედდა, მაუწყებლებს ეკრძალებათ ბავშვებისთვის “საფრთხის შემცველი” მასალების გავრცელება. კანონით გაწერეს, რომ იკრძალება ისეთი პროგრამები, რომელმაც შეიძლება, ზიანი მიაყენოს არასრულწლოვნის ფიზიკურ, ფსიქოლოგიურ, ინტელექტუალურ, სულიერ განვითარებას, მის ფსიქიკურ და ფიზიკურ ჯანმრთელობასა და სოციალიზაციას. ჩანაწერი, რომელშიც ეს ფართო ცნებებია გამოყენებული, ეხება ნებისმიერ სატელევიზიო პროგრამას.
ცვლილების ამოქმედებამდე მედია ორგანიზაციები სახელმწიფოს მხრიდან მედიის კონტროლის საფრთხეზე საუბრობდნენ. მაუწყებლებმა მაშინ პარლამენტსა და კომუნიკაციების კომისიას კანონის ნორმების ამოქმედებაზე მორატორიუმისკენაც მოუწოდეს.