ბათუმის სახელმწიფო დრამატულ თეატრში სტალინის განმადიდებელი პიესა იდგმება – აღნიშნულ ინფორმაციას, საბჭოთა კავშირის კვლევის ლაბორატორია ავრცელებს.
”საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია (სოვლაბი) ბათუმის სახელმწიფო დრამატულ თეატრში იოსებ სტალინის სახოტბო პიესის დადგმის გადაწყვეტილების გამო შეშფოთებას გამოთქვამს. 1939 წელს სტალინისვე დაკვეთით დაწერილი, თუმცა შემდეგ დაწუნებული პიესა „ბათუმი“ სტალინის განმადიდებელი პიესაა.
ბათუმის სახელმწიფო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის (რომელიც მმართველი პარტიის სიით პარლამენტის ყოფილი წევრია) ეს გადაწყვეტილება სტალინის, როგორც თანამედროვე რუსული პროპაგანდის იარაღის პოპულარიზაციის შემაშფოთებელი ტენდენციის კიდევ ერთი გამოვლინებაა. ბოლო წლების განმავლობაში საქართველოში მილიონობით ადამიანის სიკვდილზე პასუხისმგებელი დიქტატორის 11 ახალი ძეგლი დაიდგა. სხვადასხვა სარწმუნო გამოკითხვების თანახმად, იზრდება სტალინის მიმართ დადებითი დამოკიდებულება, რაც რუსული დეზინფორმაციული დღის წესრიგისთვის ნოყიერ ნიადაგს ქმნის. რუსული დეზინფორმაციული მანქანისა და მისი გავლენის აგენტების ამოცანაა სტალინის, როგორც ყალბი პატრიოტული სიმბოლოს კულტივირება ქართული საზოგადოების ისტორიული დასავლური არჩევანის საპირწონედ.
მართალია, საზოგადოებას არ აქვს ინფორმაცია იმის თაობაზე, თუ რა მიდგომას აირჩევს რეჟისორი პიესის ინტერპრეტირებისას, თუმცა მის მიერ სტალინის დადებით კონტექსტში წარსულში არაერთხელ მოხსენიება შეშფოთების ლეგიტიმურ საფუძველს აჩენს.
სტალინის სახოტბო პიესის დადგმა განსაკუთრებით სახიფათოა დღეს, როცა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სრულმასშტაბიანი სამხედრო აგრესიის ერთ-ერთი მთავარი მამოძრავებელი, რუსეთის ხელისუფალთა განცხადებითვე, საბჭოთა კავშირის შესახებ დამახინჯებული მეხსიერებაა. სურათს ამძიმებს ისიც, რომ სწორედ იოსებ სტალინი იყო საქართველოს დემოკრატიულ და საერთაშორისოდ აღიარებულ რესპუბლიკაზე საბჭოთა რუსეთის თავდასხმის, შემდგომი რეპრესიებისა და საქართველოს ევროპული გზიდან ჩამოშორების ინიციატორი.
საბჭოთა კავშირის კვლევის ლაბორატორია მოუწოდებს ბათუმის სახელმწიფო დრამატულ თეატრს შეცვალოს სტალინის სახოტბო პიესის დადგმის გადაწყვეტილება.” – ნათქვამია სოვლაბის განცხადებაში