შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელი, 1969 წელს დაბადებული ბ.ჯ. ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოს ცხელების ცენტრში კორონავირუსით გარდაიცვალა.
უწყების ინფორმაციით, პოლიციის თანამშრომელს კორონავირუსი მიმდინარე წლის პირველ ოქტომბერს დაუდასტურდა, რის შემდეგაც ის ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადიოდა მკურნალობის კურსს. მას თანმდევი დაავადებები ჰქონდა: ფილტვების პნევმონია, გულის იშემიური დაავადებები და შაქრიანი დიაბეტი.
“გარდაცვლილი რეგულაციების სრული დაცვით გადასვენებულია და დაიკრძალება დადგენილი ვადების შესაბამისად. შინაგან საქმეთა სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მომხდარი ფაქტის გამო და უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახს, ახლობლებს, ასევე თანამშრომლებს”, – ნათქვამია განცხადებაში.
საქართველოში დღეს, 7 ოქტომბერს კორონავირუსით ინფიცირების 508 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 4 პაციენტი გარდაიცვალა.