კვირას ბალტიის ზღვაში აშშ–ს ხელმძღვავნელობით ნატოს მსხვილმაშტაბიანი სამხედრო–საზღვაო სწავლება დაიწყო. ის თითქმის ორი კვირა გაგრძელდება.
სწავლებაში მონაწილეობას მიიღებს 45 გემი, 75 თვითმფრინავი და 7 ათასზე მეტი მეზღვაური, მფრინავი, საზღვაო ფეხოსანი 16 ქვეყნიდან, მათ შორის ფინეთიდან და შვედეთიდან, რომლებიც ჯერჯერობით ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრები ოფიციალურად არ არიან.
უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ ორივე ქვეყანამ გადაწყვიტა მრავალწლიანი ნეიტრალიტეტი დაარღვიოს და ნატოში გაწევრიანებაზე განაცხადი შეიტანეს.
სწავლების დაწყებამდე შვედეთს ნატოს შტაბების მეთაურთა გაერთიანებული კომიტეტის თავმჯდომარე, აშშ–ს გენერალი მარკ მილი ესტუმრა.
მან პრესკონფერენცია ჩაატარა სადესანტო ხომალდ USS Kearsarge–ის ბოროტზე, რომელიც სტოკჰოლმის ცენტრში იყო გაჩერებული და თქვა, რომ აშშ–სა და ნატოს სხვა წევრებისთვის მნიშვნელოვანია შვედეთთან და ფინეთთან სოლიდარობის დემონსტრირება, და დაგეგმილი წვრთნები ამისთვის შესაფერისი მომენტია.
ნატო ხაზს უსვამს, რომ სწავლება არანაირი კონკრეტული საფრთხის პასუხი არ არის. თუმცა მსოფლიოში შექმნილ არასტაბილურ სიტუაციაში ალიანსი “სარგებლობს შესაძლებლობით შეამოწმოს საკუთარი ძალები და გააძლიეროს თავდაცვისუნარიანობა“.
რუსეთმა არაერთხელ გააფრთხილა შვედეთი და ფინეთი, არ შესულიყვნენ ნატოში და ამ ნაბიჯის შემთხვევაში საპასუხო ზომებით დაიმუქრა. თუმცა, ჯერჯერობით ამ ქვეყნების მიერ ნატოს წევრობაზე განაცხადის შეტანის შემდეგ კრემლის რეაქცია თავშეკავებული იყო.