ბედნიერნი ვიქნებით, რომ მალე ნაზიბროლა ჯანეზაშვილი საბჭოს წევრი აღარ იქნება – გვრიტიშვილი

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ნაზი ჯანეზაშვილი ამბობს, რომ ალექსანდრე გზირიშვილი, რომლის მამა, ლევან გზირიშვილი საბჭოს წევრია და ე.წ. კლანთან აქვს კავშირი, შესაძლოა, უვადო მოსამართლედ დაინიშნოს.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრი დიმიტრი გვრიტიშვილი ამ განცხადებას ეხმიანება და ამბობს, რომ ჯანეზაშვილმა უნდა დაამტკიცოს, რომ ალექსანდრე გზირიშვილი “უღირსია”.

მისივე თქმით, მოსამართლეები ბედნიერები იქნებიან, რომ ნაზი ჯანეზაშვილი მალე საბჭოს წევრი აღარ იქნება.

“როდესაც ცდილობს ქალბატონი ჯანეზაშვილი ნეპოტიზმის ფაქტის დამტკიცებას გზირიშვილთან მიმართებაში, მან არა მხოლოდ იმ უდაო ფაქტზე უნდა მიუთითოს, რომ ალექსანდრე გზირიშვილი არის შვილი ლევან გზირიშვილის, არამედ დამატებით აუცილებლად უნდა დაამტკიცოს ისიც, რომ ალექსანდრე გზირიშვილი არის უღირსი, არასათანადო კვალიფიკაციის იმისთვის, რომ დააკმაყოფილოს კანონის მოთხოვნები და მოსამართლედ გამწესდეს. ეს არათუ დაამტკიცა, არამედ არც უცდია. საბედნიეროდ მე, როგორც მოსამართლე, სხვა მოსამართლეებიც, ბედნიერნი ვიქნებით იმით, რომ სულ მალე ნაზიბროლა ჯანეზაშვილი საბჭოს წევრი აღარ იქნება”,– აცხადებს გვრიტიშვილი.

ჯანეზაშვილს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის ვადა 2021 წელს გასდის.