ბიზნესმენი ლევან ვასაძე პოლიტიკაში მოდის. მისი თქმით, ეს გადაწყვეტილება პერმანენტული კრიზისის გამო მიიღო. ის პარტის “ერს” აფუძვნებს, რომლის ლოზუნგი იქნება “ერთობა, რაობა, იმედი”.
“მივიღე ჩემთვის ძალიან მძიმე გადაწყვეტილება, რომ საბოლოოდ დავემშვიდობო ჩემთვის ასე საყვარელ კერძო პირის მდგომარეობას და გადავდგა ნაბიჯი, შემოვიდე და მივიღო მონაწილეობა ქვეყნის საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში. ჩემი გადაწყვეტილების ძირითად მიზეზად მომევლინა ის ფაქტი, რომ ქვეყანა შესული არის პერმანენტული კრიზისის პირობებში, როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური, კულტურული, სოციალური, იდეოლოგიური თვალსაზრისით”,– თქვა მან პრესკონფერენციაზე.
მისივე მტკიცებით, დანიელსონის დოკუმენტზე ხელისმოწერით საქართველომ სუვერენტიტეტი თითქმის დაკარგა.
“ჩემთვის ბოლო წვეთი, რომ არასასურველი და მძიმე ნაბიჯი გადამედგა, იყო დანიელსონის დოკუმენტად ცნობილ ხელშეკრულებაზე ხელისმოწერა როგორც ქართული ოცნების, ისე ოპოზიციის უმრავლესობის მხრიდან. ამ დოკუმენტში ჩემი აზრით გარდა ძალიან მძიმე გადაწყვეტილებებისა დამნაშავეების ციხიდან კანონის დარღვევით გამოშვებისა, მოხდა, კიდევ უფრო დამაზიანებელი რამ – ქვეყნის სუვერენტიტეტის უხეში ხელყოფა და შემცირება.
აწი, თუ ეს დოკუმენტი ძალაში შევიდა, ჩვენს ქვეყანას მისი ისედაც შეზღუდული სუვერენიტეტი თითქმის აღარ რჩება, სახელმწიფო თვითონ ვეღარ წყვეტს როგორ იმუშავოს ცესკომ, ვინ დანიშნოს მოსამართლედ და ვინ არა და ვეღარ წყვეტს როგორ ამუშავოს ანტიკორუფციული სტრუქტურები”,– აღნიშნა ვასაძემ.