ბორჯომის ტყეში ხანძრის ქრობის პროცესში სამაშველო სამსახურის 4 ვერტმფრენი ჩაერთო.
“მეხანძრე-მაშველების მიერ სალოკალიზაციო სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა. რთული რელიეფის გამო, ხანძრის კერასთან სახანძრო-სამაშველო ტექნიკის შეყვანა ვერ ხერხდება.
ხანძრის ქრობის პროცესში თბილისის, სამცხე-ჯავახეთისა და შიდა ქართლის სახანძრო-სამაშველო განყოფილებების 150 მეხანძრე-მაშველი და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტოს ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის რეინჯერები არიან ჩართულნი. საჭიროების შემთხვევაში, პროცესში სხვა ტერიტორიული ადმინისტრაციების რეინჯერებიც შესაბამისი ხანძარსაწინააღმდეგო აღჭურვილობით ჩაერთვებიან” – წერია შსს-ს განცხადებაში.
ხანძარი ახალდაბის მიმდებარედ გუშინ გაჩნდა. ცეცხლი დასახლებული პუნქტიდან დაახლოებით 25 კილომეტრშია.
ხანძრის ლოკალიზებაში ასევე მობილიზებულია ცოცხალი ძალა, სამუშაოები მიმდინარეობს.