საფრანგეთში მცხოვრები ქართველი ექიმი, კლერმონ-ფერანის ენდოსკოპიური ქირურგიის სასწავლო ცენტრის ხელმძღვანელი, პროფესორი რევაზ ბოჭორიშვილი აცხადებს, რომ ფაიზერის ვაქცინა გაიკეთა. ის ვაქცინაციის მთელ პროცესს აღწერს.
„გავიკეთე. COMIRNATY ®. (მწარმოებელი: PfizerBioNTech ). ისეთი არც არაფერი, არც კი ეღირებოდა ამაზე ლაპარაკი, რომ არა კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინის და განსაკუთრებით ამ პირველი ვაქცინის ირგვლივ ატეხილი აჟიოტაჟი და ლამის ისტერია… საფრანგეთში ერთი კვირაა, რაც დაიწყო სამედიცინო პერსონალის (არამარტო ექიმების) ვაქცინაცია. თავიდან მათი, ვინც 50 ზე მეტი წლისაა, ან რისკფაქტორები გააჩნია. მე ასაკის გამო მომიწია. ონლაინ მარტივად ხდებოდა ჩაწერა, სასურველ სავაქცინაციო ცენტრში, რომლებიც კლინიკებში განთავსდა.
ველოდებოდი ვაქცინაციას… მშვიდად. თავიდანვე ვთვლიდი, რომ პანდემიის გადაჭრის ერთ ერთი მთავარი საშუალება მასიური ვაქცინაციაა. უმძიმესი ინფექციების გაქრობის ისტორია ამას გვასწავლის.
ამასობაში, რაც კი არსებობს მონაცემები, მოვიძიე, ვინაიდან მაქსიმალურად ინფორმირებული მინდა ვიყო ხოლმე სამედიცინო სიახლეებზე და არა იმიტომ, რომ რაიმე დიდი შიში ან ეჭვი გამაჩნდა რნმ ვაქცინის უსაფრთხოებასა და ეფექტურობაზე. თანაც, ეს ვაქცინაცია სავალდებულო არაა. არავინ მაძალებდა”,– წერს ბოჭორიშვილი Facebook–ზე.
მისი თქმით, ვაქცინაციის პროცესი არც ისე რთული ყოფილა, როგორც აქამდე ჩანდა.
ტექნიკურ მხარეზე მინდა ვთქვა ორიოდე სიტყვა. ჩვენმა ჰოსპიტალურმა ცენტრმა დეკემბრის ბოლოს შეიძინა ერთი “სუპერ საყინულე“, რომელიც ცენტრალურ აფთიაქში განთავსდა და რომელიც 3 ერთმანეთისგან დაშორებულ სავაქცინაციო ცენტრს მოემსახურება. (მომავალში მეტი იქნება).
ამ ცენტრალური აფთიაქიდან ვაქცინაციის ცენტრებამდე ვაქცინის დოზების ტრანსპორტირება მარტივად ხდება, ათეულ კილომეტრზეც კი, მშრალი ყინულის ბანალური კონტეინერებით. ამ კონტეინერიდან ამოღების შემდეგ, ვაქცინის ფლაკონის კონცენტრირებული შიგთავსი ფიზიოლოგიური ხსნარით ზავდება და ოთახის ტემპერატურაზე ინახება 6 საათის განმავლობაში. თითო ფლაკონი 5 ადამიანის დოზას შეიცავს… 0.3 მლ კუნთშიგა ინექცია ჩვეულებრივი სავაქცინაციო ნემსით კეთდება მხარში…
თავად “ცენტრიც“ ერთი ჩვეულებრივი დიდი ოთახია, დროებით შირმებით გადატიხრული… მეტი კი არაფერი.. ეს ყველაფერი იმიტომ ჩამოვთვალე, რომ მთელი პროცესი არც ისე წარმოუდგენლად რთული და არაორგანიზებადი ყოფილა, როგორც თავიდან ჩანდა, ან დღემდე ხატავენ ასეთად (ზოგან)..”,– აღნიშნავს პროფესორი.
მისივე თქმით, ზოგისთვის ვაქცინის სწრაფად შექმნა ეჭვებს იწვევს, თუმცა, ექიმი განმარტებით, კაცობრიობის ისტორიაში არასდროს გამოყოფილა ასეთი ოდენობის სახსრები რაიმე პრეპარატის შესაქმნელად. გარდა ამისა, ბოჭორიშვილის ცნობით, რნმ ვაქცინების მასიურ წარმოებას ბევრად ნაკლები დრო სჭირდება, ვიდრე “კლასიკური“ ტექნოლოგიებით შექმნილი ვაქცინების წარმოებას.
“ამასთან, როცა ეცნობი ლიტერატურას, ხვდები, რომ პრინციპულად ახალი არაფერია. ინფორმაციულ რნმ-ზე ვაქცინის აწყობა ჭკვიანური სვლაა. მართლაც, რა საჭიროა მთლიანად ვირუსის (დასუსტებულის, ინაქტივირებულის თუ რეკომბინირებულის) შეყვანა ორგანიზმში, როდესაც საკმარისია ვირუსის “სავიზიტო ბარათის“, ანტიგენის, ამ შემთხვევაში, ე.წ. სპაიკის ცილის თავად უჯრედში აწყობა იქ პირდაპირ შეყვანილი (მიწოდებული) ვირუსის მხოლოდ რნმ-ის გამოყენებით… ორგანიზმი ხომ მაინც ამ “სავიზიტო ბარათის“ ამოცნობის და არა მთლიანად ვირუსის დაფიქსირების შემდგომ ააქტიურებს იმუნურ სისტემას…
და დღეს ამ რნმ-ის ხელოვნურად სინთეზირება ერთის მხრივ რთული არაა და თან უჯრედში მისი “შეშვების“ ტექნოლოგიაც დაიხვეწა… ის, რომ ფართო საზოგადოებამ ბევრი არაფერი იცოდა რნმ ვაქცინების შესახებ, არ ნიშნავს, რომ 2020-ში დაიწყო ამ ტექნოლოგიაზე მუშაობა…”,– წერს ექიმი.
მისი ინფორმაციით, ამის შესახებ პირველი პუბლიკაციები 90–იანების დასაწყისში გამოჩნდა, ამიტომ იდეა არ არის ახალი, ექსპერიმენტული ვაქცინაც რამდენიმე წელია არსებობს, თუმცა ვაქცინის მომზადების და მასიური წარმოების ტექნოლოგია არის ახალი.
90-იანების დასაწყისში გამოჩნდა პირველი პუბლიკაციები, სხვათაშორის ფრანგული.. ანუ თავად იდეა ახალი არაა, გარკვეული ექსპერიმენტული ვაქცინებიც არსებობს უკვე რამდენიმე წელია, ტექნოლოგიაა ახალი, კლინიკურად გამოყენებადი ვაქცინის მომზადების და მასიური წარმოებისა.
“რაღა არ წავიკითხე რნმ ვაქცინის “საშიშროებებზე“… დნმ-ის მუტაცია, ონკოლოგიური რისკი… უშვილობის გამოწვევა… არადა, თუ ოდნავ მაინც ხვდება ადამიანი, რა პრინციპზეა დამყარებული რნმ ვაქცინები, იმდენსაც უნდა ააზრებდეს, რომ თუ ეს ყველაფერი ვაქცინით გამოიწვევა, მაშინ თავად კორონავირუსული ინფექციაც იგივე შედეგებს უნდა იწვევდეს, ლამის ყველა ავადმყოფში… არადა, ასე არაა…
ბევრი რამის თქმა შეიძლება კიდევ რნმ ვაქცინების უსაფრთხოებასა და გართულებებზე… ამჯერად აქ გავჩერდები. მხოლოდ ერთს ვიტყვი. 6 საათის წინ აცრილი ადამიანის პირადი გამოცდილებით. აცრის ადგილს პრაქტიკულად ვერც ვგრძნობ. ყოველ შემთხვევაში გრიპის აცრის შემდეგ რასაც ვგრძნობდი, იმაზე მეტად არა…
და ბოლოს. მასიურ ვაქცინაციას დამატებითი “მუშახელი“ სჭირდება. თავად აცრას ექთნები კი აკეთებენ, მაგრამ მანამდე სავალდებულოა სამედიცინო კითხვარის შევსება პირად ანამნეზზე, განსაკუთრებით ალერგიულზე და საექიმო გასაუბრება. ჰოსპიტალურმა ცენტრმა მოხალისე ექიმთა მობილიზაცია გამოაცხადა ონლაინ და რამოდენიმე საათში ყველა ვაკანსია შეივსო. მე ამ გასაუბრებაზე შემხვდა ჩემივე კოლეგა, რეანიმატოლოგი, რომელიც ეპიდემიის პიკის პერიოდში ინტენსიური თერაპიის განყოფილებიდან არ გამოსულა… ახლა ოდნავ სიმშვიდეა.
ცხადია, ხუმრობა ხუმრობით გავისაუბრეთ.. საერთოდ, ყველას განწყობა, ექიმების, ექთნების, კოლეგების დავიწყებულად მხიარული და იმედიანი მომეჩვენა. მგონი, გამოჩნდა გვირაბის ბოლოს სინათლეო, ერთისგან გავიგონე… მჯერა ამის!”,– წერს რევაზ ბოჭორიშვილი.