ბრალდებაზე მაქსიმუმი რომ მომისაჯოთ, მერაბიშვილზე 9 თვით ნაკლები გამომივა ანუ თქვენი აზრით, მე ვიქნები მასზე “ძალიან ცოტათი განსხვავებული დამნაშავე” – ონისე ცხადაძე მოსამართლეს

” ჩემს ბრალდებაზე მაქსიმუმი რომ მომისაჯოთ, ვანო მერაბიშვილზე 9 თვით ნაკლები გამომივა ანუ თქვენი აზრით, მე ვიქნები მასზე “ძალიან ცოტათი განსხვავებული დამნაშავე” – ამ სიტყვებით ჯგუფურ ძალადობაში ბრალდებულმა იუმორისტმა ონისე ცხადაძემ მოსამართლე ქეთევან ჯაჭვაძეს მიმართა.

“გლობალური ომის პარტიის” დამფუძნებელი და “დიფ სთეითის” 14%-იანი წილის მფლობელი ონისე ცხადაძე, იგივე “მალადოი”… თავიდან დავიწყებ ჩემი სამოქალაქო პოზიციით, მიუხედავად იმისა, რომ პატიმრობაში ყოფნა რთულია, არავისთვის მარტივი არ არის. არ მაინტერესებს თუ პატიმრობაში დამტოვებთ, ამ ქვეყნისთვის კვდებოდნენ და მეც არ მინდა ვინმეზე ნაკლები გავაკეთო. რაც შეეხება პროკურატურის ბრალდებებს, მე მაქვს საქმეში არსებული ვიდეომტკიცებულება ნანახი, სადაც ჩანს ბოთლის სროლა, ასევე არის ფოიერვერკი, კვამლს რომ უშვებს, მაგის პატარა კაფსულა. ისე ცუდად ვისვრი, რომ ლამის ფეხში გავირტყი. ძალიან გთხოვთ, თვითმკვლელობის მცდელობის გამო 500 ლარით დამაჯარიმოთ. რაც შეეხება იმას, რამდენ წელს ითვალისწინებს ეს ბრალეულობა, 4-დან 6-წლამდე, ანუ ამ ბრალდებაზე მაქსიმუმი რომ მომისაჯოთ, გამოდის, რომ ვანო მერაბიშვილზე 9 თვით ნაკლები გამომივა ციხეში ანუ თქვენი აზრით, მე ვიქნები მასზე ძალიან ცოტათი განსხვავებული დამნაშავე.  გირაოზეც მინდა გითხრათ, ეს თქვენ თვითონ შეგიძლიათ განსაზღვროთ, მაგრამ მე მინდა გთხოვოთ, რომ დამიწესოთ 14 ლარის და 60 თეთრის ოდენობით. თუ ასევე ფიქრობთ, რომ ბოთლის სროლა დანაშაულია, რომელიც ითვალისწინებს 4-დან 6- წლამდე თავისუფლების აღკვეთას, მაშინ მე მაქვს ასანთის კოლოფი, რომელსაც პროკურატურის მიმართულებით ვისვრი და 3 თვე დამიმატეთ”,- განაცხადა ცხადაძემ.

მოსამართლემ მას წესრიგის დაცვისკენ მოუწოდა, რასაც ცხადაძემ უპასუხა, რომ „ამ წუთიდან გაითვალისწინებდა“.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული იუმორისტის, ონისე ცხადაძის, მსახიობის, ანდრო ჭიჭინაძის, და კიდევ 9 პირის საქმე ერთ წარმოებად გაერთიანდა. აქამდე ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული პირების საქმე 2 წარმოებად მიმდინარეობდა. კერძოდ კი, ანდრო ჭიჭინაძის, ონისე ცხადაძის, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვის, ლუკა ჯაბუას და გურამ მირცხულავას საქმე ცალკე, ვალერი თეთრაშვილის, გიორგი ტერიშვილის, ირაკლი ქერაშვილის, რევაზ კინაძისა და სერგეი კუხარჩუკის საქმე კი, ცალკე წარმოებად. დაკავებულებს – ანდრო ჭიჭინაძეს, ონისე ცხადაძეს, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვს, ლუკა ჯაბუას, გურამ მირცხულავას, ვალერი თეთრაშვილს, გიორგი ტერიშვილს, ირაკლი ქერაშვილს, რევაზ კინაძესა და სერგეი კუხარჩუკს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინათ, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს. აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.