ბრიტანეთი უკრაინაში თანამედროვე ჯავშანმანქანების გაგზავნას გეგმავს

The Times-ის ცნობით, ბრიტანეთი უკრაინაში თანამედროვე ჯავშანტექნიკის გაგზავნას გეგმავს. კერძოდ, განიხილება ჯავშანმანქანა Mastiff-ისა და Jackal-ის უკრაინისთვის მიწოდება. აღნიშნული ტექნიკა სადაზვერვო პატრულირებისათვის გამოიყენება.

თუ ბრიტანეთი ჯავშანმანქანების გაგზავნის გადაწყვეტილებას მიიღებს, ბრიტანელი ინსტრუქტორები გაემგზავრებიან უკრაინის საზღვრებთან უკრაინელი ჯარისკაცებისთვის წვრთნების ჩასატარებლად.

ასევე, მოსალოდნელია, რომ ტანკსაწინააღმდეგო და საზენიტო რაკეტების შემდგომი ტრანშის შესახებ ბრიტანეთი უახლოეს დღეებში გამოაცხადებს.

ქართველი სამხედრო ექსპერტის, რუსლან შავაძის ცნობით, Mastiff-ი არის ამერიკული Cougar-(MRAP)-ის ჯავშანმანქანის ბრიტანული ვარიანტი და განკუთვნილია პატრულირებისათვის.

“ის 2006 წლიდან ემსახურება ბრიტანეთის არმიას სხვადასხვა მისიებში. ჯავშანმანქანის ძირითადი მახასიათებლები: ეკიპაჟი – 2+4, სიგრძე – 5,91 მეტრი, სიგანე – 2,74 მეტრი, სიმაღლე – 2,64 მეტრი, მაქსიმალური სიჩქარე – 105 კმ/სთ. აღსანიშნავია, რომ მასტიფის ორი ვერსია არსებობს, რომელს მიიღებს უკრაინა, უცნობია…

უკრაინის არმიისათვის სასიცოცხლო მნიშვნელობა ექნება ამ ჯავშანმანქანებს, რათა გაიზარდოს მობილურობა და მეტი მანევრის საშუალება ჰქონდეს. ასევე, გათავისუფლებული ტერიტორიების გასაკონტროლებლად სასიცოცხლოდ აუცილებელი საშუალებაა”,– წერს შავაძე.

მისივე თქმით, Jackal-ი არის ბრიტანული ჯავშანტექნიკა და საპატრულო მანქანა, რომლის მთავარი მიზანია დაზვერვა ან პატრულირება, ასევე საცეცხლე მხარდაჭერა იმ სიტუაციებში, სადაც მობილურობა, სიჩქარე და მანევრირება პრიორიტეტულია.

“BRDM-ის ძირითადი მახასიათებლები: ეკიპაჟი – 1+4 სიგრძე – 5,39 მეტრი სიგანე – 2 მეტრი სიმაღლე – 1,9 მეტრი მაქსიმალური სიჩქარე – 130 კმ/სთ. ასევე არსებობს Jackal 2-ის განახლებული ვერსია საბრძოლო და სატრანსპორტო ნაწილების გაუმჯობესებით. ეს ჯავშანტექნიკა ძალიან მნიშვნელოვანია მობილურობისათვის და დიდ დახმარებას გაუწევს უკრაინის არმიას”,– აცხადებს სამხედრო ექსპერტი.