გააგრძელეთ “ასტრაზენეკას” ვაქცინის მიღება-ჯანმო ევროპას

“ასტრაზენეკას” კოვიდ-19-ის ვაქცინის სარგებელი ბევრად აღემატება ნებისმიერ თანმხლებ რისკს. ევროპის ქვეყნებმა უნდა გააგრძელონ მისი გამოყენება ადამიანთა სიცოცხლის სახსნელად, “ამ ეტაპზე არ არის ჩვენთვის ცნობილი, გამოიწვია თუ არა ეს სიტუაცია ვაქცინამ, თუ უბრალოდ სხვადასხვა ფაქტორის დამთხვევაა” – განაცხადა დღეს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის დირექტორმა.

ჰანს კლუგემ ხაზი გაუსვა იმასაც, რომ მთავარი მარეგულირებელი, ევროპის მედიცინის სააგენტო დაკვირვებით სწავლობს თრომბის შემთხვევების მცირე რაოდენობას, რომელთა გამოც ევროკავშირის 27 სახელმწიფოდან, 13-მა “ასტრაზენეკას” ვაქცინის გამოყენება დროებით შეაჩერა. მათ შორის, ვინც ვაქცინაცია შეაჩერა, ევროპის სამი უდიდესი სახელმწიფოც არის: გერმანია, საფრანგეთი და იტალია. მსოფლიოს 50-მდე ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში, “ასტრაზენეკას” კოვიდ-19-ის ვაქცინით იმუნიზაცია გრძელდება.

ევროპის მედიცინის სააგენტოს (EMA) დასკვნას დღეს ელოდებიან. ევროპის მთავარი მარეგულირებელი ყურადღებით სწავლობდა თრომბის 30 შემთხვევის შესაძლო კავშირს ვაქცინაციასთან. სააგენტო აქამდე აცხადებდა, რომ კორელაცია ამ ორ მოვლენას შორის ჯერჯერობით არ დაფიქსირებულა. “ასტრაზენეკას” საშუალებით კი მთელ მსოფლიოში უკვე 17 მილიონზე მეტი ადამიანი აიცრა, აქედან 11 მილიონზე მეტი – ბრიტანეთში.

ევროკავშირში “ასტრაზენეკას” კოვიდ-19-ის ვაქცინით იმუნიზაცია 5 მილიონ ადამიანს ჩაუტარდა. აცრის შემდეგ, ბლოკის ქვეყნებში სისხლის კოაგულაციის დარღვევის 30-მდე შემთხვევა გამოვლინდა. თავად “ასტრაზენეკა” აცხადებს, რომ თრომბის ინციდენტთა რაოდენობა აცრილებში გაცილებით ნაკლებია, ვიდრე აუცრელ ადამიანთა იმავე ზომის ჯგუფში.

წყარო: ამერიკის ხმა