დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე იმ მიზეზებზე საუბრობს, რის გამოც საქართველოში ფეხმძიმეების ვაქცინაცია დაგვიანდა.
“კოვიდის პერიოდში, სამწუხაროდ, მოიმატა ორსულთა გარდაცვალების შემთხვევებმა. ორსულთა აცრები დაშვებულია მხოლოდ 3 ვაქცინით – Pfizer, Moderna, AstraZeneca და იქაც გაფრთხილებაა, რომ უნდა იყოს შეთანხმება ორსულს, ექიმს და ოჯახს შორის.
კვლევები არ არის ჩატარებული და წინააღმდეგ ჩვენებაშია, ამიტომ ჩვენ ვერ ავცრიდით ორსულებს ჩინური ვაქცინით. მოგეხსენებათ, Pfizer-ის მნიშვნელოვანი დოზები ქვეყანაში ივლისის ბოლოს შემოვიდა, ამიტომაც, სამწუხაროდ, ჩვენ ვერ დავიწყეთ ორსულთა აცრები”, თქვა მან.
მისივე განმარტებით, ორსულთა ვაქცინაციის დაგვიანების კიდევ ერთი მიზეზი ზედმეტი სიფრთხილეა.
“სამწუხაროდ ბევრი ჩემი კოლეგა არ ურჩევდა და არ ურჩევს ორსულებს აცრას, არადა აუცილებელია, რომ ორსულები აიცრან. არის Pfizer-ის შესაბამისი მარაგი ქვეყანაში, რომ ისინი აიცრან და აუცილებელია, რომ ისინი აიცრან. აცრა სწორედ იცავს ორსულს, ორსული მოგეხსენებათ, მომატებული რისკია ყოველგვარი ინფექციური დაავადებისა, მათ შორის კოვიდისაც”, – განაცხადა გამყრელიძემ.
წინა ხელს ქვეყანაში კორონავირუსით 1 ორსული გარდაიცვალა, წელს კი უკვე 8.