გაუგონარია პოლიტიკური ოფისის არსებობა, სადაც შეკრებილები ენმ-ს წევრებად ასაღებენ თავს – ენმ – ასე ეხმაურება, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა პარტიის ყოფილი თავმჯდომარის, ნიკა მელიას მიერ ახალი ოფისის გახსნას.
“მათ შეუძლიათ ჩამოაყალიბონ ახალი პარტია და შესაბამისად, განსაზღვრონ საკუთარი პოლიტიკა თუმცა, ღარიბაშვილის, კობახიძის, ტვ “იმედის”, პოსტივის და “ქართული ოცნების” რიტორიკით, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” სახელით, ჩვენ პარტიაზე განხორციელებული თავდასხმები სრულიად აუხსნელი მოვლენაა. მათ მიერ გაჟღერებული გზავნილები პირდაპირ ხელს აძლევს რუსული ოცნების მტრული პროპაგანდის განმტკიცებას.
გაუგონარია თუ რას ემსახურება პოლიტიკური ოფისის არსებობა, სადაც შეკრებილები თავს “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრებად ასაღებენ და ამავდროულად ესხმიან მას.
პარტიას თბილისში, მათ შორის ცენტრალურ უბნებში, რამდენიმე ოფისი აქვს, სადაც ჩვენი თანაგუნდელები რუსული რეჟიმის წინააღმდეგ მუშაობენ და საქმიანობენ.
სეპარატიზმის მცდელობები აზიანებს პარტიის საუკეთესო ინტერესებს. სწორედ ამიტომ, მოვუწოდებთ ყველას, აღიარონ და შეეგუონ პირდაპირი და მაღალი ლეგიტიმაციით ჩატარებული არჩევნების შედეგები. ყველა ვინც საკუთარ თავს “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრად მივიჩნევთ, ჩვენი პოლიტიკური ორგანიზაციის კუთვნილ სივრცეებში, ერთ პარტიაში უნდა ვიმუშაოთ.
“ქართული ოცნებისთვის” დამახასიათებელი რიტორიკით, გაუგებრობისა და ბუნდოვანების შემოტანა, არ ემსახურება არც პარტიის და არც სახელმწიფოს ინტერესებს”. – წერია განცხადებაში.